გუდაურის ბიზნეს ასოციაციის თანადამფუძნებელ მირანდა ესაკიას განცხადებით, „მთის ტრასების სააგენტო [MTA] უნდა გაუქმდეს, რადგან პარაზიტი კომპანია და სახელმწიფო თანხებს ჭამს“.
ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა “წერტილში” განაცხადა, საიდანაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ მარიამ ქვრივიშვილსაც მიმართა.
„მივმართავ მარიამ ქვრივიშვილს - არ მუშაობს მთის ტრასების სააგენტო და დასაკეტია! ეს არის პარაზიტი კომპანია, რომელიც სახელმწიფო თანხებს ჭამს. ჩვენ გვჭირდება მენეჯმენტის ახალი მოდელი, რომელიც იქნება ეფექტიანი, მთის კურორტების განვითარებას შეუწყობს ხელს და ქვეყანას დამატებით შემოსავალს მოუტანს“, - აცხადებს გუდაურის ბიზნეს ასოციაციის თანადამფუძნებელი.
"მთის ტრასების სააგენტო" საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ დაფუძნებული სსიპ-ია. MTA მართავს სამთო-სათხილამურო არეალებს საქართველოს 4 მთის კურორტზე: გუდაურში, ბაკურიანში, მესტიასა და გოდერძიზე. „მთის ტრასების სააგენტოს“ ამჟამად ირაკლი ბურჭულაძე ხელმძღვანელობს.
გუდაურის ბიზნეს ასოციაცია, რომელიც მირანდა ესაკიას ინფორმაციით, გუდაურში არსებული ბიზნესსუბიექტების 70%-ს აერთიანებს, MTA-ს საქმიანობით უკმაყოფილოა.
მირანდა ესაკია გუდაურში მდებარე რესტორან „მთვრალი ალუბალის“ დამფუძნებელიცაა, უკვე წლებია, "მთის ტრასების სააგენტოს" (MTA) საქმიანობას მკაცრად აკრიტიკებს. ამჟამად, ბიზნესსექტორის უკმაყოფილების მთავარი მიზეზი სსიპ-ის გაუმჭვირვალე ფინანსური მენეჯმენტი, არაეფექტიანი საქმიანობა და 2025-26 წლების სეზონის ნაადრევი დახურვაა, როცა გუდაურში თოვლია.
მირანდა ესაკიას თქმით, მაშინ როდესაც გუდაურში აპრილის ბოლოს 3 მეტრამდე ნალექი და სრიალისთვის იდეალური პირობები იყო, მთის ტრასების სააგენტომ სეზონი 19 აპრილს ოფიციალურად დახურა, რითაც ბიზნესს შემოსავლის მიღების ბოლო შანსიც წაართვა.
მისივე ინფორმაციით, ირაკლი ბურჭულაძე სამსახურიდანაც წავიდა, თუმცა ოფიციალურად ის ისევ MTA-ის დირექტორია.
"წელს ბუნებამ საოცარი პირობები გვიბოძა - აპრილის ბოლოსთვის 3 მეტრი თოვლი გვაქვს და მინუს ტემპერატურა. MTA-მ უბრალოდ გაფლანგა ბუნებისგან ნაჩუქარი სიმდიდრე - თოვლი. მოგეხსენებათ, მარტის თვე ომის (რეგიონული კონფლიქტების) გამო ჩავარდა, ჯავშნების 90% გაუქმდა... როცა გაიხსნა ფრენები და ხალხი მზად იყო ჩამოსასვლელად, 10 დღით ადრე დააანონსეს, რომ სეზონს ხურავენ. ეს არის სისტემური პრობლემა და მმართველობის კრახი", - აცხადებს ესაკია.
მისივე თქმით, სააგენტოს არც კი უცდია მარკეტინგული კამპანიის წარმოება შიდა ტურიზმის წასახალისებლად ან „პრომო-თვეების“ მოსაწყობად, რაც კურორტს სიცოცხლეს შეუნარჩუნებდა.
მირანდა ესაკიას ინფორმაციითვე, გუდაურის ბიზნეს ასოციაციამ უკვე მიმართა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს MTA-ს საქმიანობის შესასწავლად. „წერტილთან“ ინტერვიუში მან მოიშველია უშუალოდ MTA-ს 2024 წლის ფინანსური ანგარიშგება, სადაც მისი თქმით, შოკის მომგვრელი ფაქტები იკვეთება.
„ინვენტარიზაციის არარსებობა: „აუდიტორი პირდაპირ წერს, რომ MTA-მ ვერ მოახდინა საკუთარი აქტივების ინვენტარიზაცია. კომპანიამ, რომლის სახელფასო ბიუჯეტი 20 მილიონია, საკუთარი ქონება ვერ დათვალა.“
ბუნდოვანი მოგება: „2023 წლის 93-მილიონიანი „მოგება“ არა ოპერაციული საქმიანობიდან, არამედ გაურკვეველი საბუღალტრო ცვლილებებიდან ან სუბსიდიებიდან მოდის, მაშინ როცა რეალურად კომპანია ზარალიანია.
კურორტების ბალანსი: „ბიზნესი ითხოვს გუდაურის ფინანსური ბალანსის ჩაშლას, რადგან არსებობს ეჭვი, რომ „გუდაურის ხარჯზე ცხოვრობს დანარჩენი კურორტები“, თავად გუდაურს კი ელემენტარული ინფრასტრუქტურა არ აქვს“, - განაცხადა მირანდა ესაკიამ.
მისივე ინფორმაციით, გუდაურის ბიზნესასოციაციამ უკვე მიმართა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, რათა ჩაატარონ მთის ტრასების სააგენტოს საქმიანობის 2023-2026 წლების აუდიტი.
"წერტილთან“ ინტერვიუში გუდაურის ბიზნესასოციაციის თანადამფუძნებელმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ მთის ტრასების სააგენტომ ვერ შეასრულა 2025 წლისთვის აღებული ვალდებულებები, მათ შორის მლეთა-გუდაურის საბაგირო გზის მშენებლობა და საძელეს ამორტიზებული საბაგიროს დემონტაჟი.
"შედეგად მივიღეთ ის, რომ ტურისტების 90%, ვინც წელს გვყავდა, ალბათ აღარ დაბრუნდება. 5-6 საათიანი საცობები იყო კილომეტრნახევრიან გზაზე... გზა დაგვიგეს, მაგრამ ისე დაავიწროვეს, რომ ორი მანქანა გვერდს ვერ უვლიდა ერთმანეთს. ეს არის მენეჯმენტის სრული კრახი“, - აცხადებს მირანდა ესაკია.
ცნობისთვის: გუდაურის ბიზნესასოციაციის პრეტენზიასთან დაკავშირებით, კერძოდ, რატომ დაიხურა სეზონი კურორტზე 19 აპრილს, როცა გუდაურში თოვლი იყო, BMG მთის ტრასების სააგენტოს უკვე მიმართა და პასუხებს მიღებისთანავე გაგაცნობთ.




























