მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მივმართავ მართლმადიდებელ მეგობრებს, აქციაზე ვდგავარ სინდისით, რომელსაც არ აინტერესებს კიდევ ვინ დგას მასთან ერთად - ქიქავა

ექსპო ჯორჯია

„ექსპო ჯორჯიას“ დირექტორი რესან ქიქავა სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს, სადაც მართლმადიდებელ მეგობრებს მიმართავს, როგორც თავადაც ეკლესიის ნაწილი.

ქიქავა ამბობს, რომ ადამიანების ნაწილს, რომლებიც მრევლი არიან, აქვს კითხვა, როგორ დგას აქციაზე ამა თუ იმ ადამიანის გვერდით და ხსნის, რომ როგორც ტაძარში არ მიდის ადამიანთა განსაკითხად და მათი სულიერი მდგომარეობის შესწავლისთვის, ზუსტად ასეა აქციაზეც, სადაც საკუთარი სამშობლოს და რწმენის დასაცავად დგას.

"მინდა მივმართო ჩემს მართლმადიდებელ მეგობრებს, მათ ნაწილს, ვინც საპროტესტო აქციებს საინფორმაციო საშუალებებით ადევნებს თვალს.

მათ, ვის გულწრფელობაშიც დარწმუნებული ვარ და ვინც ვიცი, რომ დარწმუნებულია ჩემსაშიც.

ფაქტობრივად დღე არ ჩამიგდია, მას შემდეგ რაც დაიწყო საზოგადოებრივი აქციები რუსთაველზე და რამდენიმე თქვენგანმა მკითხა, როგორ შემიძლია ვიდგე იქ, სადაც დგას ესა, თუ ის ადამიანი, ისეთი, ან ასეთი შეხედულებით, ისეთი, ან ასეთი ქცევით, პროტესტის ისეთი, ან ასეთი გამოხატულებით.

მეგობრებო, მე როცა ეკლესიაში შევდივარ და წირვას ვესწრები, მე იქ შევდივარ და ვდგავარ ჩემი რწმენით. მე არ ვიწყებ იქ საზოგადოების თვალიერებას, მათი შინაგანი სამყაროს ამოსაცნობად, არ ვაკვირდები მათ ქცევებს, რადგან როგორც ქრისტიანმა ვიცი, რომ ჯერ ერთი, არავის განკითხვის უფლება მე არ მაქვს, მერე მეორე, ღვთის არცერთ სხვა შვილზე უკეთესი მე არ ვარ და მესამე, ჩემი იქ დგომა ემსახურება მხოლოდ ერთს, ჩემს რწმენას!

როცა მე საპროტესტო აქციაზე გავდივარ და ვდგავარ, მე იქ ვდგავარ ჩემი სინდისით. სინდისით, რომელსაც არ აინტერესებს კიდევ ვინ დგას იქ მასთან ერთად - ერთი დგას, თუ ასი, მოსაწონი ქცევით, თუ ჩემთვის მიუღებლით.

სინდისი, რომელიც უბრალოდ არ მაძლევს გაჩუმების უფლებას, როდესაც ჩემს ქვეყანას სთავაზობენ დიქტატურას და ართმევენ განვითარების შესაძლებლობას, იმ მოტივით, რომ თურმე, ამით საფრთხე შეექმნება ჩემს სარწმუნოებას და ჩემს ღირებულებებს. რომ, თურმე, დიქტატურის გარეშე, ჩვენ დავკარგავთ იდენტობას. რომ, თურმე, ამიტომ უნდა მივცეთ მათ უფლება იძალადონ ადამიანებზე, თავისი ძალაუფლების შესანარჩუნებლად და მერე გვატყუონ, რომ ამას ჩვენს სასიკეთოდ და ჩვენს დასაცავად აკეთებენ .

ხოდა - არა!ჩემი სარწმუნოება, არის ჩემს ხელში. ჩემი ღირებულებები, არის ჩემს ხელში. ჩემი იდენტობა, არის ჩემს ხელში.ამიტომ, არა რევოლუციას, არა ომს, არა სამომავლოდ ევროკავშირისგან, თუ სხვა მხრიდან, უპირობოდ ყველაფრის მიღებას. მაგრამ ასევე - არა, მოძალადე დიქტატს და არა, დასავლეთისკენ ინტეგრაციის, პოლიტიკური და ეკონომიკური განვითარებისკენ სვლის შეჩერებას!

P.S.ცნობისთვის, აქციაზე შევხვდი უამრავ ჩემს, მათ შორის ჩვენს საერთო მეგობარსაც, რომელთაც არაფერი აქვთ საერთო პოლიტიკურ ინტერესებთან. ასევე გავიჩინე ახალი მეგობრები, უაზრო იდეოლოგიებისგან შორს მდგომი, წარმატებული, პროფესიონალი, განათლებული, საინტერესო ადამიანები. გამოდით და ნახეთ თქვენი თვალით. დაუშვით ალტერნატიული რეალობის არსებობა", - წერს ქიქავა სოციალურ ქსელში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები