ხელისუფლება არალეგიტიმურია, რაც ქვეყნისთვის იმდენად მძიმე პერსპექტივაა, რომ თუ ამ ქვეყანაში ცხოვრებას აპირებთ, იხდით გადასახადებს, გაქვთ ბიზნესი, გაქვთ გეგმები და ა.შ. ყველაფერი უნდა გააკეთოთ ამ მოცემულობის შესაცვლელად - წერს „ექსპო ჯორჯიას“ დირექტორის, რესან ქიქავა.
bm.ge პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
"დღეს ქვეყანას არ მართავენ ამ ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის წარმომადგენლები.
4%-ით მეტი ხმის მიღება (თუნდაც) ასეთი ხარისხის არჩევნებში, არის რეალური მარცხი. ეს იცის ყველამ და ამიტომ არის, რომ ამ არჩევნებს არავინ აღიარებს.
შესაბამისად, არსებული საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლება არალეგიტიმურია.
ვინც ვერ ხვდება ეს რას ნიშნავს და არ იცნობს ვთქვათ ბელარუსის, ან მიანმარის მაგალითებს, მარტივად განვმარტავ (სამოქალაქო დონეზე, რადგან ამ დარგის ექსპერტი არ გახლავართ):
- დიპლომატიური იზოლაცია
- ეკონომიკური სანქციები (სავაჭრო, საინვესტიციო, გლობალურ ფინანსურ სისტემებზე წვდომა და ა.შ)
-უსაფრთხოების რისკები (რუსეთს რომ თავი დავანებოთ, ნებისმიერი სხვა ქვეყნის მხრიდან, რაიმე სახის აგრესიის პირობებში, მათთან პირისპირ დარჩენა და ა.შ.)
დამატებით, როდესაც ყველა ინსტიტუტი და შესაბამისად ძალაუფლება ერთი ადამიანის ხელშია (რაც სხვა არაფერია, თუ არა დიქტატურა), სამოქალაქო და ბიზნეს დონეზე ასეთი ტიპის საერთაშორისო იზოლაცია ნიშნავს დიქტატორთან პირისპირ დარჩენას და მის კეთილ, თუ ბოროტ ნებაზე 100%-იან დამოკიდებულებას.
დღეს ამ არალეგიტიმური ხელისუფლების მიერ ხდება კონსტიტუციის მიტაცება. ხვალ, აუცილებლად მოხდება უარესი.
თუ ამ ქვეყანაში ცხოვრებას აპირებთ, იხდით გადასახადებს, გაქვთ ბიზნესი, გაქვთ გეგმები და ა.შ. ყველაფერი უნდა გააკეთოთ ამ მოცემულობის შესაცვლელად.
ამისთვის, ამ პირობებში, თუ არსებობს ქუჩაში პროტესტის გარდა რამე სხვა ფორმა, შემომთავაზეთ, სიამოვნებით გავითვალისწინებ. მეც მინდა ვაკეთო ჩემი საქმე, მეც არ მომწონს ოპოზიცია და სულ არ მეხალისება ღამის ქუჩაში თენება.მაგრამ დღეს, რუსთაველის გარდა, სამართლიანობის მოთხოვნის სხვა დემოკრატიული ინსტიტუტი არ დაგვიტოვეს.
ვიცი, რომ დღეს თუ გავჩერდი, ხვალ ესეც აღარ მექნება", - წერს რესან ქიქავა სოციალურ ქსელში.