საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიას“ დირექტორის რესან ქიქავას შეფასებით, დღეს, საქართველოში ბიზნესის კეთება, ფაქტობრივად, შეუძლებელია. ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.
რესან ქიქავას მიაჩნია, რომ როდესაც ხელისუფლება ძალაუფლების შენარჩუნებისთვის ყველაფერს აკეთებს, მთავარია, #არგაჩუმდე.
„ხელისუფლება დაადგა ბოროტების გზას. ყველამ, მათ შორის ვინც მისი გულშემატკივარია, ან ნეიტრალური იყო აქამდე, უნდა აიმაღლოს ხმა ამის წინააღმდეგ“, - ამბობს ის.
ამ ვითარებაში რესან ქიქავას არ უკვირს, რომ ცალკეული ბიზნესმენები, კომპანიები თუ ბანკები ეხმაურებიან ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს და ხელისუფლებას საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლს შეახსენებენ.
„დღეს, ბიზნესის კეთება საქართველოში, ფაქტობრივად, შეუძლებელია ამ პირობებში, როდესაც არის პოლიტიკური დაპირისპირება და პროტესტის ის მუხტი, რაც საზოგადოებაშია. მიუხედავად იმისა, რომ ძალაუფლება აბრმავებს, მაინც იმედით ვარ, რომ საღი აზრი არსებობს. ძალიან მინდა მჯეროდეს, რომ ვინც არის ამ გადაწყვეტილების მიმღები, საღი აზრი აქვთ შერჩენილი, ქვეყნის სიყვარული არის მათ გულში და თუ ასეა დროულად უნდა მიიღონ ის გადაწყვეტილება, რომელიც მოხსნის იმ ვითარებას, რაც არის ქვეყანაში.. იურისტები არიან და თვითონ იციან როგორ მოძებნონ გამოსავალი ამ სიტუაციიდან.
საკითხის პოლიტიკური ნაწილი რომ ჩავხსნათ და ეკონომიკაზე ვისაუბროთ - თუ აღმოსავლეთზე მოხდება აქცენტის გადატანა და ალბათ ეს გეგმა აქვთ, მაშინ ყველა იმ დიდი დასავლური ინსტიტუციის რესურსს, რომელსაც აქამდე ვიყენებდით, ვერ გამოვიყენებთ ანუ აზიის განვითარების ბანკი რჩება ალბათ ერთადერთი, რომელთანაც ასევე, საკითხავია [როგორ გაგრძელდება თანამშრომლობა]. ხელისუფლება არის ჩვენი წარმომადგენელი საერთაშორისო არენაზე; ის არაა აღიარებული მსოფლიოს ძირითადი ქვეყნების მიერ. პოლიტიკური ლეგიტიმაციის გარდა რეპუტაციული საკითხებია და რანაირად შეიძლება ასეთი ხელისუფლების პირობებში ხარისხიანი კაპიტალის შემოსვლას ველოდოთ ქვეყანაში და ანუ ჩვენ ამ ყველაფერზე უარს ვამბობთ?!“, - ამბობს ის.
რესან ქიქავამ „წერტილთან“ ინტერვიუში არაერთხელ გაუსვა ხაზი, ამ ვითარებაში, თითოეული მოქალაქის აქტიურობის და #არგაჩუმების მნიშვნელობას, მათ შორის ბიზნესმენებშიც.
აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის არაერთმა კომპანიას და ბიზნესასოციაციამ დააფიქსირა საკუთარი პოზიცია ხმამაღლა, მაგრამ ამ დრომდე განცხადება არ გაუვრცელებია ყველაზე მსხვილ ბიზნესასოციაციას - BAG-ს.
„ჩემგან არაკოლეგიალური იქნება, [ვინმეს შეფასება], რადგან ყველა ადამიანმა თავისი სინდისის და თავისი პასუხისმგებლობების გათვალისწინებით უნდა გააკეთოს ესა თუ ის განცხადება. მეც ჩემ აზრს გამოვთქვამ და ერთადერთის თქმა შემიძლია - უბრალოდ, არ უნდა ველოდოთ იმას, რომ ერთ დღეს ვიღაც მოგიკაკუნებს სახლში შავი ქურთუკით და პრობლემები შენ პირადადაც შეგექმნება. სანამ ეს პრობლემები მოხდება, მანამდე უნდა ვთქვათ, რომ მიუღებელია კონსტიტუციის დარღვევა, მიუღებელია ადამიანის უფლებების დარღვევა, გყავდეს ხელისუფლება, რომელმაც ვერ უზრუნველყო საერთაშორისო ლეგიტიმაციის მიღება [არჩევნებში გამარჯვების შემდეგ], რომელიც ფაქტია, კონსტიტუციას არღვევს და მეუბნება, რომ თურმე მე ვერ გავიგე რაღაც და სინამდვილეში სულ სხვა რაღაც ვთქვიო - ევროინტეგრაცია არ შეგვიჩერებიაო. სინამდვილეში მე კი არ მეუბნება, თავის ამომრჩეველს ეუბნება“, - აცხადებს რესან ქიქავა.