ექსპერტ ხათუნა ლაგაზიძემ "ქართულ ოცნებას" ტერორისტული უწოდა. მან "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა, რომ "ქართული ოცნება" დღეს არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ რეგიონისთვის წარმოადგენს საშიშროებას და ის საფრთხეები განმარტა, რასაც დღევანდელი ხელისუფლება ქმნის.
"ეს არის ტერორისტი ხელისუფლება და პროცესი იქით უნდა წავიყვანოთ რომ მსოფლიო დემოკრატიულმა თანამეგობრობამ საქართველოს ხელისუფლების შეფასება დაიწყოს არა მხოლოდ პრორუსული რეჟიმის, არამედ როგორც ტერორისტული რეჟიმის.
"ქართული ოცნება", როგორც ტერორისტული ხელისუფლება საფრთხეს ქმნის არა მარტო საქართველოს უსაფრთხოებისთვის, სტაბილურობისთვის არამედ მას თავისი ქმედებებით საქართველოში ფიზიკურად შემოჰყავს რუსეთი და ის საფრთხეა რეგიონისთვის, სამხრეთ კავკასიისთვის:
სომხეთისთვის, რომელმაც შეუძლებელი გააკეთა და რუსული კლანჭებიდან სხლტება და ევროპისკენ მიდის.
აზერბაიჯანისთვის, სადაც უპრეცედენტო რამ მოხდა და რუსეთმა ვითომ და სამშვიდობო ჯარი ვადაზე ადრე გამოიყვანა.
თურქებისთვის, რომელიც არაფრით არ დაუთმობს როგორც ნატოს წევრი სახელმწიფო სამხრეთ კავკასიას რუსეთს და გლობალურად ევროპისთვის, იმიტომ რომ რუსეთს დღეს სურვილი აქვს საქართველოს დაპყრობით დღეს მოახრჩოს სამხრეთ კავკასია და შუა დერეფანზე აიღოს სრული კონტროლი, რომელიც არის საკომუნიკაციაო საშუალება აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის.
მივმართავ არამარტო დასავლეთ ევროპის და დასავლელი მეგობრების დიპლომატიური მისების წარმომადგენლებს და სახელმწიფოს მეთაურებს, უპირველესად, მივმართავ ჩვენი მეზობელი, მეგობარი სახელმწიფოების მეთაურებს და ელჩებს - "ქართული ოცნების" სახით თქვენს წინ არის ტერორისტი ხელისუფლება, რომელიც ცდილობს საფლავში ჩაიყოლოს არა მარტო საქართველოს დამოუკიდებლობა, არამედ სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოების დამოუკიდებლობა. თურქეთს შეუზღუდოს სუვერენიტეტი, იმიტომ რომ შავ ზღვაზე განახორციელოს საკუთარი კონტროლი, რაც შეიძლება უფრო ფართოდ და ლაჯებში ამოიდოს კიდევ ერთხელ სამხრეთ კავკასია, იმიტომ რომ პუტინისთვის გეოპოლიტიკური კატასტროფაა, ის რომ კონტროლს კარგავს სამხრეთ კავკასიაზე. ამიტომ კეთილი ინებეთ და გააკავეთ როგორმე საქართველოს ხელისუფლება რომელიც საღი აზრის ფარგლებს ცდება", - განაცხადა მან.