"მივმართავთ საქართველოს პარლამენტს, ხვალ პლენარულ სხდომაზე, გამოიყენოს კიდევ ერთი შესაძლებლობა და უარი თქვას კანონპროექტის მიღებაზე", - ამის შესახებ განცხადებას სოციალურ ქსელში განვითარების რეგიონული ორგანიზაცია CENN ავრცელებს.
"CENN გმობს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მესამე მოსმენით მხარდაჭერას, რომელიც იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დემოკრატიის პრინციპების დარღვევით, მასობრივი საპროტესტო აქციების ფონზე, განახორციელა.
მივმართავთ საქართველოს პარლამენტს, ხვალ პლენარულ სხდომაზე, გამოიყენოს კიდევ ერთი შესაძლებლობა და უარი თქვას კანონპროექტის მიღებაზე, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციასთან. გვინდა, თითოეულ პარლამენტარს შევახსენოთ, რომ ამ კანონპროექტის მხარდაჭერით ისინი იღებენ პასუხისმგებლობას ქვეყნის ევროპული კურსის ცვლილების დამღუპველ შედეგებზე, რაც არაერთხელ აღინიშნა ჩვენი დასავლელი პარტნიორების მიერ.
კანონის დამტკიცების შემთხვევაში, ჩვენთვის დიდი გამოწვევა იქნება პარლამენტთან დიალოგის ფორმატის შენარჩუნება, რაც ქვეყანაში თანამშრომლობისგან მიღებულ სიკეთეებს შეამცირებს", - ვკითხულობთ გავრცელებულ განცხადებაში.