მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მივმართავთ უკრაინის შესაბამის უწყებებს, დაუყოვნებლივ მიიღონ ზომები საკუთარი მოქალაქეების დასაბრუნებლად - შსს

დარიალის ნეიტრალური ზონა

მივმართავთ უკრაინის შესაბამის უწყებებს, დაუყოვნებლივ მიიღონ ზომები საკუთარი მოქალაქეების უკრაინაში დასაბრუნებლად - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ.

შსს-ს ინფორმაციით, „დარიალის“ სასაზღვრო გამტარი პუნქტის ე.წ. ნეიტრალურ ზონაში ამ დროისთვის 87 პირი იმყოფება, რომლებიც აცხადებენ, რომ უკრაინის მოქალაქეები არიან და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთას არავალიდური დოკუმენტებით ცდილობენ.

შსს-ს ინფორმაციითვე, ისინი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებისთვის არიან ნასამართლევი, რის გამოც მათი შემოშვება უსაფრთხოების თვალსაზრისით დაუშვებელია.

"საკითხის მოსაგვარებლად, რაც აღნიშნული პირების უკრაინაში დაბრუნებას გულისხმობს, ქართულმა მხარემ შეხვედრები გამართა როგორც საქართველოში უკრაინის საელჩოსთან, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებთან. გამოყენებულ იქნა პოლიციის ატაშეების ქსელიც. საქართველოს შეთავაზებაში შედიოდა როგორც საჰაერო, ისე საზღვაო გზით მათი დაბრუნების მექანიზმები, თუმცა, შსს-ს თქმით, უკრაინული მხარე თავს იკავებს საზღვაო მარშრუტის გამოყენებაზე და არ მიუღია საბოლოო თანხმობა ჩარტერული რეისით გადაყვანაზეც.

მიუხედავად იმისა, რომ 2025 წლის ივნის–ივლისში მსგავსი პროცესი უკვე განხორციელდა და რუსეთის ფედერაციიდან შემოსული 134 პირიდან 47 სხვადასხვა მიმართულებით დაბრუნდა. ამჯერად პროცესი ხელოვნურად ჭიანურდება, რაც აჩენს ეჭვს უკრაინული მხარის მხრიდან მათი საქართველოში შეშვების სურვილზე", - აცხადებენ შსს-ში.

სამინისტროს ცნობითვე, რამდენიმე დღის წინ, საზღვარზე მყოფმა 15-მა პირმა შიმშილობაც დაიწყო. შსს მოუწოდებს უკრაინის შესაბამის უწყებებს, დაუყოვნებლივ მიიღონ ზომები ამ პირების უკრაინაში დასაბრუნებლად.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები