საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვირტუალური აქტივების ბაზრისთვის ახალი რეგულაცია დაამტკიცა, რომელიც ქვეყანაში სტეიბლკოინების გამოშვებისა და მიმოქცევის წესებს განსაზღვრავს. შესაბამის ბრძანებას ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა 2026 წლის 6 მარტს მოაწერა ხელი. ბრძანების ამოქმედების შემდეგ სტეიბლკოინის გამოშვება საქართველოს ტერიტორიაზე შესაძლებელი იქნება მხოლოდ ეროვნული ბანკის წინასწარი წერილობითი თანხმობით. ამასთან, კომპანიები ვალდებული იქნებიან დარეგისტრირდნენ, როგორც ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერები.
ბრძანების შესახებ განმარტება გააკეთა სებ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ნინო ჯელაძემ, რომელიც აღნიშნავს რომ ცვლილების მიზანს მომხმარებელთა უფლებების დაცვა წარმოადგენს.
„ეროვნული ბანკი აგრძელებს მუშაობას ვირტუალური აქტივების რეგულირების გაძლიერების მიმართულებით. ამ მიზნით შემუშავდა სტაბილური ვირტუალური აქტივების ე.წ. სტაბილქოინის პირველადი შეთავაზების წესი. უპირველეს ყოვლისა, წესის მიზანი მომხმარებელთა უფლებების დაცვა, საფინანსო სექტორში რისკების მართვის სტანდარტების გაუმჯობესება და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაა“, - აღნიშნა ნინო ჯელაძემ.
სებ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ყურადღება ახალი წესის მნიშვნელოვან ასპექტებზე გაამახვილა. მისი თქმით, მიმოქცევაში არსებული სტაბილური ვირტუალური აქტივები 100%-ით უნდა იყოს უზრუნველყოფილი სარეზერვო აქტივებით, რომლებიც მაღალ ლიკვიდურობასა და რეიტინგს უნდა აკმაყოფილებდნენ.
სტეიბლკოინი ვირტუალური აქტივის ტიპია, რომლის ფასიც წინასწარ განსაზღვრულ აქტივზეა მიბმული და მისი სტაბილურობის შენარჩუნება გამომშვების ვალდებულებაა. განსხვავებით სხვა კრიპტოვალუტებისგან, რომლებიც ბაზარზე მოთხოვნა-მიწოდებით მერყეობს, სტეიბლკოინის ფასი უცვლელად უნდა შენარჩუნდეს.
რეგულაცია სტეიბლკოინების სამ კატეგორიას განსაზღვრავს: ლარზე მიბმულ, უცხოურ ვალუტაზე მიბმულ და სხვა აქტივებით უზრუნველყოფილ სტეიბლკოინებს. ყველა შემთხვევაში აუცილებელია 100%-იანი სარეზერვო უზრუნველყოფა, რომელიც მკაფიოდ უნდა იყოს გამიჯნული ემიტენტის საკუთარი აქტივებისგან.
სტეიბლკოინის ემიტენტებისთვის განსაზღვრულია მინიმუმ 500 000 ლარის საზედამხედველო კაპიტალი. სარეზერვო აქტივების მოცულობის ზრდასთან ერთად იზრდება კაპიტალის მოთხოვნაც და შეიძლება მაქსიმუმ 50 მილიონ ლარს მიაღწიოს. იმ შემთხვევაში, თუ სარეზერვო აქტივები 15 მილიონ ლარს გადააჭარბებს, კომპანიას სამეთვალყურეო საბჭოს შექმნაც დაევალება.
რეგულაცია ასევე ითვალისწინებს გამჭვირვალობის დამატებით მოთხოვნებს. ემიტენტის სარეზერვო აქტივებს ყოველ კვარტალში დამოუკიდებელი აუდიტორი შეამოწმებს და შედეგები კომპანიის ვებგვერდზე გამოქვეყნდება. თუ სარეზერვო მოცულობა 15 მილიონ ლარს გადააჭარბებს, აუდიტი საერთაშორისო აუდიტორულ კომპანიებს – Deloitte, PwC, EY ან KPMG – უნდა დაევალოს.
სტეიბლკოინის მფლობელებს შესაძლებლობა ექნებათ აქტივი ნებისმიერ დროს გამოისყიდონ ნომინალური ღირებულებით. მოთხოვნის მიღებიდან ემიტენტს ვალდებულების შესასრულებლად სამი სამუშაო დღე ექნება, ხოლო 300 000 ლარზე მეტი თანხის შემთხვევაში ვადა ხუთ სამუშაო დღემდე გაიზრდება.
კომპანიები, რომლებიც უკვე ახორციელებენ სტეიბლკოინების გამოშვებას, ვალდებულნი არიან ბრძანების ამოქმედებიდან ექვსი თვის განმავლობაში ეროვნულ ბანკს შესაბამისი დოკუმენტაცია წარუდგინონ. ამ გარდამავალ პერიოდში მათ საქმიანობის გაგრძელება შეეძლებათ.




























