მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მიზანმიმართული რეპრესიები - ზურაბიშვილი "ბათუმელები/ნეტგაზეთის" ანგარიშების ინკასოზე

ზურაბიშვილი

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი X-ზე წერს, რომ "ბათუმელების" ანგარიშებზე ინკასოს დადებით ხელისუფლება დამოუკიდებელ მედიას სჯის.

"ტერორი საქართველოში. მთავრობამ დამოუკიდებელი მედიის „ბათუმელების“ ანგარიშები მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესამდე რამდენიმე დღით ადრე დააყადაღა. ღიად დასჯის აქტია. ეს სამართლიანობა არ არის, არამედ მიზანმიმართული რეპრესიებია" - წერს ზურაბიშვილი.

დღეს, 21 ივლისს, "ბათუმელებმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომ შემოსავლების სამსახურმა „ბათუმელების“ ანგარიშებს ინკასო დაადო.

"ეს არის ზეწოლა მზია ამაღლობელზე, რომ ის დანებდეს. რამდენიმე დღეში მოსამართლე ნინო სახელაშვილი შპს „გაზეთ ბათუმელების“ დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს განაჩენს გამოუტანს", - აცხადებენ რედაქციაში.

პირველ ივლისს „ბათუმელებს“ შემოსავლების სამსახურიდან დაუკავშირდნენ და აცნობეს, რომ ვალი გვაქვს, რომელიც 5 დღეში უნდა გადავიხადოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში ანგარიშებს ინკასოს დაადებენ, შემდეგ კი ქონებას დააყადაღებენ და დაიწყება აღსრულება. ანუ აღსრულების ეროვნული ბიურო „ბათუმელების“ ქონებას გაყიდის. საუბარია რედაქციის ტექნიკურ აღჭურვილობასა და ოფისზე.

ამ ეტაპზე „ბათუმელების“ დავალიანება ბიუჯეტის წინაშე – ძირი თანხა არის 47 ათასი ლარი [თვის დასაწყისში იყო 136 ათასი ლარი და გადავიხადეთ]. ასევე გვერიცხება სხვა თანხაც – საურავი 126 ათასი ლარი და ჯარიმა – 109 ათასი ლარი. „ბათუმელებს“ სახელმწიფოს წინაშე არსებული დავალიანება აღიარებული ჰქონდა და ყოველთვიურად იხდიდა შესაბამის თანხებს მის დასაფარად.

"ინკასოს მუქარის შემდეგ, „ბათუმელებმა“ შემოსავლების სამსახურს ოფიციალურად მიმართა და ითხოვა ვალის გადასახდელად ჩვენთვის შემოეთავაზებინათ გრაფიკი. ამას საგადასახადო კოდექსი ითვალისწინებს. უარი გვითხრეს. 17 ივლისს კი, „ბათუმელების“ ანგარიშებს დაადეს ინკასო.

დღეს, 21 ივლისია და მზია ამაღლობელის ბოლოს წინა პროცესი იმართება სასამართლოში. შესაბამისად, ინკასო და უახლეს ერთ კვირაში დაგეგმილი ყველა სხვა ოპერაცია მიმართულია მზია ამაღლობელის გასატეხად, პერსპექტივაში კი მის მიერ შექმნილი მედია ორგანიზაციის გასანადგურებლად", - აცხადებენ რედაქციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები