მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მჯერა, ახალ ამპლუაში სხვაგვარად შემიძლია შევიტანო წვლილი საქართველოს ტექინდუსტრიის ცენტრად პოზიციონირებაში - ვაკო თურნავა

ვახტანგ თურნავა

მჯერა, რომ ჩემს ახალ ამპლუაში სხვაგვარად შემიძლია შევიტანო წვლილი - ვიმუშაო საქართველოს როგორც ტექნოლოგიური ინდუსტრიის ცენტრად პოზიციონირებისთვის, - ამის შესახებ აკადემია SKILLWILL-ის და IT კომპანია Sweeft Digital-ის თანადამფუძნებელი ვაკო თურნავა წერს, რომელიც "ოცნების" საარჩევნო სიაში მე-8 ნომერია.

"ჩემი გადაწყვეტილებით, უკანასკნელი სამი თვეა აღარ ვარ ჩართული იმ საქმიანობაში, რომლის ფარგლებშიც ჩვენ ყველამ ერთად ყოველდღიური თავდაუზოგავი შრომითა და ენთუზიაზმით შევქმენით უდიდესი წარმატება არამხოლოდ გუნდის ფარგლებში, არამედ საქართველოს ტექნოლოგიური ინდუსტრიისთვის. არ არის მარტივი იმ ადამიანებსა და საქმესთან დისტანცირება, რომელთანაც ძლიერი ემოციური ბმა, საერთო წარმატება, უამრავი მოგონება და გამოცდილება მაკავშირებს. ყოველთვის წარმოუდგენლად ვიამაყებ იმ შედეგებით, რასაც ამ წლების განმავლობაში ერთად მივაღწიეთ.

ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით, ჩვენ მოვამზადეთ და გადავამზადეთ ათასობით ადამიანი. ახალგაზრდებს მივეცით საკუთარი ნიჭის აღმოჩენისა და ღირსეული სამუშაოს მიღებისათვის საჭირო უნარების განვითარების შესაძლებლობა. ჩვენს ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, შევქმენით დასაქმების შესაძლებლობა ასობით ქართველი პროფესიონალისთვის, ევროპასა და ამერიკაში. რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენი საქმიანობით შევამცირეთ ქვეყნიდან ახალგაზრდა ნიჭიერი ადამიანების გადინება. ჩვენმა მუშაობამ არა მხოლოდ აამაღლა ჩვენი ადგილობრივი ნიჭის უნარები და შესაძლებლობები, არამედ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საქართველოს ეკონომიკის გაძლიერებაში - ჩვენი და ჩვენი კოლეგა კომპანიების საქმიანობის შედეგად ქვეყანაში რამდენიმე მილიარდი ლარი შემოვიდა. ეს გუნდური წარმატება ადასტურებს ჩვენს ვალდებულებას, გავხადოთ საქართველო საკვანძო მოთამაშედ გლობალურ ტექნოლოგიურ სფეროში.

ჩემს დიდი ხნის პარტნიორებსა და არაჩვეულებრივ გუნდს, რომელთან ერთადაც ამ ყველაფრის შექმნა შესაძლებელი გახდა - მადლობას გიხდით ყველაფრისთვის! ჩვენ დავიწყეთ ეს მოგზაურობა საერთო ხედვითა და ღირებულებებით და დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ კიდევ უფრო მეტი წარმატებით გააგრძელებთ დიდი მწვერვალების დაპყრობას. მთელი გულით მხარს გიჭერთ და მოუთმენლად ველი იმ მომავალ მიღწევებს, რომლებსაც ტექნოლოგიური ინდუსტრიის განვითარების კუთხით განახორციელებთ.

მე კი კვლავ ერთგული დავრჩები ჩემი მთავარი მიზნისა - მხარი დავუჭირო საქართველოს ტექნოლოგიური სექტორის განვითარებას და ქვეყნის ეკონომიკურ გაძლიერებას. მჯერა, რომ ჩემს ახალ ამპლუაში სხვაგვარად შემიძლია შევიტანო წვლილი - ვიმუშაო საქართველოს როგორც ტექნოლოგიური ინდუსტრიის ცენტრად პოზიციონირებისთვის. ჩემი გატაცება და ერთგულება ამ ინდუსტრიისა და მისი მომავლისადმი ურყევია.

ერთად გავაგრძელოთ საზღვრების გადალახვა, ინოვაციების შექმნა და ქართული ნიჭის გამოვლინება გლობალურ სცენაზე", - წერს ვაკო თურნავა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები