საქართველოში აშშ-ის ელჩი რობინ დანიგანი მიიჩნევს, რომ აშშ-საქართველოს ურთიერთობები ამ ორ ქვეყანაში ნებისმიერ პოლიტიკურ არჩევნებს გაუძლებს, შედეგების მიუხედავად. ამის შესახებ ელჩმა ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) მიერ ორგანიზებულ Election Breakfast-ზე განაცხადა.
როგორც ელჩმა აღნიშნა, აშშ-საქართველოს თანამშრომლობა გრძელვადიანია და პოლიტიკურ ცვლილებებს გადალახავს.
"ნამდვილად მჯერა, რომ რაც არ უნდა მოხდეს საქართველოს არჩევნებში ან აშშ-ის არჩევნებში, საქართველოსა და შეერთებული შტატების ხალხებს შორის ურთიერთობა, ურთიერთობა ჩვენი კომპანიებს, უნივერსიტეტებს, ბიზნესებს, ანალიტიკურ ცენტრებს, ინსტიტუტებს, სამხედროებს, სამართალდამცავ ორგანოებს შორის გაუძლებს ნებისმიერ პოლიტიკურ არჩევნებს, რა შედეგიც არ უნდა იყოს რომელიმე ქვეყანაში.
ეს არის ის, რითაც ვამაყობ, რომ წარმოვადგენ შეერთებულ შტატებს აქ, რადგან მჯერა, რომ ჩვენი პარტნიორობა გამძლეა, ის გადალახავს პოლიტიკურ ცვლილებებს",- თქვა დანიგანმა.
მისივე თქმით, გახარებულია რომ როგორც საქართველოში, ისე აშშ-ში არჩევნებში მეტმა ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა.
ცნობისთვის, წინასწარი მონაცემებით, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა.