მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მჯერა, ლევან დავითაშვილი ბოლომდე არ ჩაჰყვება არასწორი მიმართულების მორევს - ბიზნესმენი

ლევან დავითაშვილი

„უსამართლობას ვერ ავიტანთ, მაგრამ შეცდომები მოსულა და ადამიანებმა ერთმანეთს შეცდომები უნდა ვაპატიოთ“, - ეს განცხადება სასტუმრო კომპლექს „შატო მერეს“ დამფუძნებელმა და ღვინის კომპანიების „ვინივერია“ და „ჯანიანი“-ს თანადამფუძნებელმა გია პირადაშვილმა BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ სტუმრობისას გააკეთა.

ბიზნესმენი იმედოვნებს, რომ „ოცნების“ მთავრობის ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი იმ ადამიანების რიგებშია, რომელიც „არასწორი მიმართულების მორევს“ ბოლომდე არ ჩაჰყვება.

გია პირადაშვილმა „წერტილთან“ ინტერვიუში ლევან დავითაშვილის საქმიანობა, როგორც ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის პოსტზე, ისე სოფლის მეურნეობის მინისტრის თანამდებობაზე ყოფნისას, დადებითად შეაფასა.

„ლევან დავითაშვილი იყო ერთ-ერთი ძალიან კარგი მინისტრი, რომელმაც ბევრი რამ გააკეთა ღვინის დარგისთვის. მოვუწოდებ ყველას, რომ არავინ ჩამორჩეს იმ ტემპს და იმ მონდომებას, რომელიც მეღვინეობის განვითარებას სჭირდება.

დარწმუნებული ვარ, რბილად რომ ვთქვა, დღეს ლევან დავითაშვილი ძალიან უხერხულ მდგომარეობაშია; ალბათ მოვა ის დრო, როცა ისიც იტყვის თავის სათქმელს. ჩვენ დიდი ხანი ერთად ვმუშაობდით მეღვინეობის სფეროში და მე მას საკმაოდ კარგად ვიცნობ.

მე მაინც მჯერა ადამიანების, რომ ისინი ბოლომდე არ ჩაჰყვებიან მოგონილ და არასწორი მიმართულების მორევს, რომელიც მათ არ შეუქმნიათ და არ შეუწყვიათ ხელი; დარწმუნებული ვარ და მჯერა, [ლევან დავითაშვილიც] მათ რიგებშია. მე არ ვარ, ვიღაცის ადვოკატი, მაგრამ მჯერა ადამიანების და ერთმანეთს შეცდომები უნდა ვაპატიოთ... უსამართლობას ჩვენ ვერ ავიტანთ, მაგრამ შეცდომები მოსულა“, - განაცხადა გია პირადაშვილმა.

„წერტილთან“ ინტერვიუში ორი ღვინის კომპანიის თანადამფუძნებელმა არ ისურვა „ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის იმ განცხადების კომენტირება, რომლის თანახმად, თუ საქართველო დღესვე შევა ევროკავშირში, ქართული ღვინის სექტორი ჩამოინგრევა.

„არ ვუსმენ არაკომპეტენტურ ადამიანებს და მეც ვცდილობ, რაც არ ვიცი, მაგაზე არ ვისაუბრო და არ გავუხეთქო ხალხს გული“, - აღნიშნა გია პირადაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ ბიზნესმენი თავისი კომპანიებით უერთდება freebusiness.ge-ის პლატფორმის ორ მთავარ მოთხოვნას - ახალ წლამდე გათავისუფლდეს აქციებზე დაკავებული ყველა მოქალაქე და დაინიშნოს ახალი არჩევნები.

„საქართველოს განვითარებისთვის სჭირდება ახალგაზრდები. ფარი სჭირდებათ? - ფარი ვიქნები. მეეზოვე თუ დასჭირდათ - მეეზოვე. ისინი არიან ჩვენთვის მთავარი მანათობლები. მათ თუ ვუღალატეთ, ჩათვალეთ, ქვეყანას ვუღალატეთ. მთავარია, ჩვენი შვილები, ახალგაზრდები, რომლებიც ყველანაირი ვალდებულებისგან თავისუფლები არიან. განვითარებისთვის ასევე გვჭირდება სამშობლოს ალალად სიყვარული და მშვიდობა“, - ამბობს ბიზნესმენი.

რას უნდა დაესვას წერტილი 2024 წელს? - „უსამართლობას, ტყუილს და მაიმუნიზმს“ - ასეთია გია პირადაშვილის სურვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები