აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი მიიჩნევს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი დადგება ქართველი ხალხის გვერდით და არა რეჟიმთან, რომელმაც არჩევნები გააყალბა. მან ამის შესახებ "გლობალნიუსთან" ინტერვიუში განაცხადა.
"დონალდ ტრამპი მხარს უჭერს თავისუფლებას. ის მხარს უჭერს დემოკრატიას. დონალდ ტრამპიც გახლავთ ადამიანი, რომელიც ასევე აპროტესტებს არჩევნებს, რომელიც შესაძლოა, არარეგულირებულად ჩატარდა. ამიტომ, მჯერა, დონალდ ტრამპი დადგება ქართველი ხალხის გვერდით და არა რეჟიმთან, რომელმაც არჩევნები გააყალბა", - განაცხადა ჯო უილსონმა.
მისივე თქმით, საპარლამენტო არჩევნები არ ჩატარებულა იმ ფორმით, რომ ის სანდო ყოფილიყო როგორც ქართველი ხალხისთვის, ისე მსოფლიოსთვის.
"მათ არჩევნები მანიპულაციური ჩარევებით ჩაატარეს, დაარღვიეს კონსტიტუცია, მთავრობა პრეზიდენტის თანხმობის გარეშე დაამტკიცეს და განაგრძობენ სასტიკად ძალადობას მათზე, ვინც ამ ყველაფერს საქართველოში აპროტესტებს. სწორედ ამიტომაც მივიჩნევ მათ არალეგიტიმურ ხელისუფლებად", - განაცხადა კონგრესმენმა.
ჯო უილსონის თქმით, შთამაგონებელია იმის ყურება, თუ როგორ განაგრძობს ქართველი ხალხი პროტესტს მათ წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობის მიუხედავად.
"ხალხის ძალას ყოველთვის მოაქვს პოზიტიური ცვლილებები. საბოლოოდ, აუცილებლად თავისუფლება იმარჯვებს. ასე რომ, დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი დემოკრატიული, თავისუფალი საქართველოს მომავლის დაცვის გზაზე წარმატებას მოიპოვებს და გახდება ევროკავშირისა და ნატო-ს ნაწილი", - განაცხადა კონგრესმენმა.
კონგრესმენმა განაცხადა, რომ ძალადობის ორგანიზებას შესაბამისი პასუხი უნდა გაეცეს.
"ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანები, რომლებიც სხვებს ავიწროებენ, შესაბამისი შედეგები მიიღონ და მათზე სანქციები დაწესდეს. ძალადობის ორგანიზებას შესაბამისი პასუხი უნდა გაეცეს. ყველა, ვისაც თავისუფლებისა და დემოკრატიის სწამს, ამ დანაშაულის წინააღმდეგ ერთად უნდა დადგეს",- ამბობს კონგრესმენი.