სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, სოფლის მეურნეობის მხარდამჭერი პროგრამები აუცილებელია და ისინი აუცილებლად გაგრძელდება. ამის შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ bm.ge-ის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან აგროდაკრედიტების ხელშემწყობი პროგრამის ხანგრძლივობას ეხებოდა.
„აგროპროდუქციის ექსპორტის დაახლოებით 150%-იანი ზრდის მაჩვენებელია მოსალოდნელი და სავარაუდოდ, მიმდინარე წელს 1.5 მლრდ-იანი აგროექსპორტი იქნება მოსალოდნელი, რაც ქვეყნისთვის აგროსასურსათო პროდუქტების მიმართულებით რეკორდული მაჩვენებელია, ეს კი ამ მხარდამჭერი პროგრამების დამსახურებაა. აქედან გამომდინარე, მხარდამჭერი პროგრამები აუცილებელია და სამომავლოდაც გაგრძელდება“, - განაცხადა მინისტრმა.
შამუგია თვლის, რომ შეფასება, რომ სუბსიდია არაეფექტურია, სიმართლეს არ შეესაბამება და შეღავათიანი აგროკრედიტი, თანადაფინანსება, დანერგე მომავალი და სხვა პროგრამები კი ის ღირებულებათა ჯაჭვია, რომელსაც ბიზნესთან ერთად ახორციელებენ.
"ჩვენ სოფლის მეურნეობაში 2 მლრდ ლარი დავხარჯეთ, თუმცა 6 მლრდ ლარის კერძო ინვესტიცია მოვიზიდეთ. ევროკავშირის სოფლის მეურნეობის პოლიტიკაც იმას ითვალისწინებს, რომ სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგებს დაეხმაროს და მხარი დაუჭიროს.
ჩვენ, ერთ-ერთი პროექტი, რომელსაც მხარი დავუჭირეთ და გასულ წელს განვახორციელეთ თხილის მიმართულებით იყო. თითოეულ ფერმერს, რომელიც თხილის ნაკვეთს ფლობს, მიზნობრივი სუბსიდია მიეცათ. ამ პროექტს ჩვენ ვაგრძელებთ, რადგან ერთი წელი ამ საკითხის მოსაგვარებლად შეუძლებელი იქნება.
მსხვილი ფერმერების მოსავლიანობა 2.5-3 ტონას შეადგენს, როდესაც მცირე ფერმერული მეურნეობების მოსავლიანობა ჰა-ზე 600-700 კილოგრამს შეადგენს“, - აცხადებს შამუგია.
როგორც საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი განმარტავს, მათი მიზანი სექტორის ამ მიმართულებით განვითარება და მეტი პროდუქციის წარმოებაში ხელის შეწყობაა.
რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, შამუგია აცხადებს, რომ მომავალ წელს ფერმერული მეურნეობების ხელშემწყობ პროგრამებში დაახლოებით 20 მლნ ლარის მიმართვა იგეგმება, რათა ფერმერებს პროდუქტების, მათ შორის ღვინის ბაზრების დივერსიფიცირებაში დაეხმარონ.
ამასთან, მომავალ წელს ბევრი სიახლე იგეგმება, რომელსაც სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბიზნესებთან, ფერმერებთან და ასოციაციებთან თანამშრომლობით განახორციელებენ.