ალბათ, რაღაც ეტაპზე დადგება საკითხი, რომ ბათუმის ნავსადგურის სპეციფიკა გადაიხედოს - ამის შესახებ BMG-სთან ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების კომიტეტის თავმჯდომარე ლევან სულაბერიძე საუბრობს.
მისი თქმით, ბათუმი ტურისტული ინფრასტრუქტურის მიმართულებით ვითარდება და მნიშვნელოვანი იქნებოდა პორტიდან ნავთობის ტერმინალის გატანა.
ამასთან, ლევან სულაბერიძის განმარტებით, მნიშვნელოვანია სახელმწიფომ შეიმუშაოს სტრატეგია - თუ რა ფუნქციური დატვირთვა ექნება როგორც ანაკლიას, ასევე, ფოთისა და ბათუმის პორტებს. ხოლო, ვიდრე ანაკლიის პროექტი მოლოდინის რეჟიმშია, დღის წესრიგში ფოთის ნავსადგურის განვითარების საკითხი უნდა დადგეს.
“ლოდინი იმისა, რომ ანაკლია ოდესღაც აშენდება, თუნდაც ძალიან მალე და შემდეგ, ჩვენ რაღაც ეფექტი გვექნება, ჩემი აზრით არ არის სწორი. ანაკლიის პროექტზე მუშაობა უნდა გაგრძელდეს რა თქმა უნდა და ინტენსიურადაც, უფრო მეტად ვიდრე ახლა მიდის - ეს სასურველია. მაგრამ ფოთს გაცილებით მეტი ყურადღება უნდა მიექცეს, იმიტომ რომ ფოთში შესაძლებლობები უკვე არის.
მაშინ, როცა საქართველოს ექნება ორი ინსტრუმენტი - რომ ჩვენი მნიშვნელობა გავაძლიეროთ დერეფანში - ეს ბევრ შესაძლებლობას მოგვცემს უფრო მეტად მნიშვნელოვანი გავხდეთ ორივე მხარისთვის, როგორც აღმოსავლეთისთვის, ისე დასავლეთისთვის. ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს მკვეთრი განაცხადი ყველგან, სადაც ამის საშუალება არის, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ სავაჭრო მოედანი აზიური ექსპორტისთვის, კრიტიკული მინერალებისთვის, ჩვენ უნდა ვიყოთ დაგროვების ადგილი იმ ტვირთებისთვის, რომელიც საინტერესოა ევროპელი და ამერიკელი მომხმარებლისთვის. აქ უნდა გაშენდეს დიდი სასაწყობე მეურნეობები და ისეთი სანავსადგურე ინფრასტრუქტურა, რომელიც შეძლებს დიდი გემების მომსახურებას.
სასაწყობე მეურნეობები უნდა იყოს ისეთი, რომელიც საშუალებას მოგვცემს არა მხოლოდ კონტეინერებს მოვემსახუროთ, არამედ აქ დაგროვდეს დიდი მოცულობის ტვირთები ერთდროულად და მოემსახუროს დიდ ტვირთებს. კონტეინერის გატარება ეკონომიკური თვალსაზრისით არ ატარებს ისეთ დიდ ეკონომიკურ ეფექტს, როგორიც არის მაგალითად ტვირთის მიღება, დასაწყობება, თუნდაც კონტეინერიზაცია. ანუ დამატებითი ღირებულებები, დამატებითი მომსახურებები უნდა შევქმნათ ჩვენ იმისათვის, რომ რეგიონში აი ეს მნიშვნელობა და ფუნქცია შევიძინოთ” - ამბობს ლევან სულაბერიძე BMG-სთან.




























