ტურიზმის სექტორის წარმომადგენლების ნაწილი ამბობს, რომ უცხოელების დასაქმებასთან მიმართებაში რეგულაციები უნდა გამარტივდეს.
როგორც რესტორატორი და რესტორან “ჩვენის” დამფუძნებელი BMG-სთან აცხადებს, მათი ობიექტებიდან ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში 15-მდე დასაქმებული უცხო ქვეყნის მოქალაქე წავიდა, რომლებმაც საქართველო დატოვეს.
გურამ ბაღდოშვილი ამბობს, რომ ეს ფაქტი უცხოელების დასაქმებაზე რეგულაციების გამკაცრებას უკავშირდება, რადგან რიგ შემთხვევაში შესაბამისი შრომითი საქმიანობის უფლების მიღება ერთ თვემდეც იწელება.
მისი თქმით, საუბარია ისეთ კადრებზე, რომლებიც კვების ობიექტებში უფრო მეტად შიდა სამუშაოებს ასრულებენ როგორიცაა მაგალითად, მზარეული, დიასახლისები და ა.შ.
რესტორატორი ამბობს, რომ მსგავს პოზიციებზე კადრების დეფიციტია და ამიტომ ბიზნესს უწევს უცხოელების დასაქმება. შესაბამისი საკითხი რესტორატორმა მიმდინარე კვირაში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელსა და სექტორის წარმომადგენლებს შორის გამართულ შეხვედრაზე დააყენა.
“მაგალითად, მე ვეთანხმები, რომ ტაქსზე არ უნდა იჯდეს ადამიანი, რომელიც ქართულად ან ინგლისურად არ საუბრობს და არ იცის. მე ვფიქრობ, რომ მიტანის სერვისში არ უნდა იყოს უცხოელი, რომელმაც არ იცის დედაქალაქი და არ იცის კომუნიკაცია.
მაგრამ მსგავსი მიდგომა არ უნდა იყოს მაგალითად ისეთ დასაქმებულებთან, რომელთანაც მინიმალური ინგლისურით შეგვიძლია კომუნიკაცია გვქონდეს. ეს ძალიან დიდ კრიზისს შემოიტანს და ძალიან ბევრი ობიექტის ჰიგიენას დაარტყამს.
[სამუშაო] ნებართვის აღება [ვადა] თვენახევრიდან ორ თვემდე მერყეობს. ამ ორი თვის განმავლობაში არ აქვს უფლება რომ იმუშაოს, რომ თავი შეინახოს. თვე-ნახევარი ამ ადამიანისთვის, რომ ბინის ქირა ვერ გადაიხადოს და საკვები ფული არ ჰქონდეს, არის ძალიან რთული, ამიტომ უწევთ წასვლა, დატოვება ქვეყნის.
უშუალოდ ჩემი კომპანიიდან ალბათ ჯამში თხუთმეტი ადამიანი წავიდა - ტაილანდელები, კუბელები, ინდოელები, პაკისტანი, ფილიპინები, ბანგლადეში, იმიტომ რომ ძირითადად იმ პროფესიაზე, სადაც ქართველებს ეთაკილებათ [მუშაობა], ისინი არიან დასაქმებულები. [ეს ფაქტები] ბოლო სამი-ოთხი თვის განმავლობაში მოხდა. იმიტომ რომ წინასწარ დაანონსდა [კანონის გამკაცრება].
მე ვფიქრობ, რომ ადამიანებისთვის, რომლებიც დასაქმებულები არ არიან “ფრონტში” და არ აქვთ [მომხმარებელთან] კომუნიკაცია, მათთვის უნდა იყოს გამარტივებული [პროცედურები]. [წინააღმდეგ შემთხვევაში] ცოტა ხანში მომსახურე პერსონალი აღარ გვეყოლება. [ტურიზმის ადმინისტრაციის] უფროსი დამპირდა, რომ განიხილავდა ამ საკითხს [მთავრობასთან], ჩვენ მზად ვართ, დაველოდებით პასუხს, რა შეიძლება რომ გამოსწორდეს მაგ მიმართულებით”, - განაცხადა გურამ ბაღდოშვილმა.




























