საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავას შეფასებით, ოფშორებიდან საქართველოში აქტივების გადმოტანისას შეღავათების დაწესება მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის ოფშორული ფულის საქართველოში დაუბეგრავად გადმორიცხვის ინტერესს ემსახურება. ამის შესახებ მან პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა, სადაც დღეს მეორე მოსმენით კანონპროექტს დაჩქარებული წესით განიხილავენ.
„ეს კანონი, რომელიც დღეს თქვენ გამოგაქვთ, ისევე როგორც რუსული კანონი, არ ემსახურება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ ინტერესებს, არ ემსახურება ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ ივანიშვილი ოფშორული ფულის საქართველოში დაუბეგრავად გადმორიცხვის ინტერესს, ისევე როგორც რუსი სანქცირებული თუ სხვა ოლიგარქების ოფშორული ფულის გადმორიცხვას საქართველოში, ისე რომ ისინი არ დაიბეგრონ, მაშინ როდესაც საქართველოს მოქალაქეები იბეგრებიან და შემდეგ ამ ბეგარიდან აღებულ ფულს თქვენ ჯიბეში იდებთ ჯიბეში, იმის ნაცვლად რომ მათ მოახმაროთ. ასე რომ რუსული კანონის კვალდაკვალ, დღეს თქვენ იღებთ რუსული ფულის კანონს“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
17 აპრილს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე პაატა კვიჟინაძემ წარადგინა კანონპროექტი, რომლის მიხედვით ერთი მხრივ ფიზიკურ პირებს, რომელთაც სახელმწიფოს წინაშე 2021 წლის პირველ იანვრამდე საგადასახადო ვალდებულებები აქვთ დაგროვილი, დავალიანება ჩამოეწერებათ, მეორე მხრივ კი ამავე კანონპროექტშია გაწერილი, რომ ბიზნესმენები, როლებიც ოფშორებში დარეგისტრირებულ აქტივებს საქართველოში გადმოიტანენ საგადასახადო შეღავათები დაუწესდებათ. „ქართული ოცნების“ დეპუტატების მიერ შემუშავებული კანონპროექტს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს და მისი პირველი მოსმენით მიღება 17 აპრილსვე მოხდა. დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კანონპროექტს მეორე მოსმენით განიხილავენ.
ოპოზიციონერი დეპუტატების შეფასებით, კანონპროექტი "ქართული ოცნების" თავმჯდომარეზე ბიძინა ივანიშვილზეა მორგებული და მისი მიღება საერთაშორისო სანქციების მიმართ გაზრდილ მოლოდინებს უკავშირდება.
პაატა კვიჟინაძის განცხადებით, კანონპროექტის მიღების მიზეზს წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ოფშორებში კომპანიების საქმიანობა გართულებულია და ხშირ შემთხვევაში მათ მეტი გამჭვირვალობა და გადასახადები მოეთხოვებათ. ამიტომაც, ქართველი ბიზნესმენებისთვის, რომლებიც ოფშორებში ფლობენ აქტივებს, ამ აქტივების საქართველოში გადმოტანისთვის შეღავათების მიღებას გეგმავენ.