საიას ინფორმაციით, დღეს 5000-ლარიან დაჯარიმებაზე 150-მდე ზარი შემოვიდა, რაც თითქმის ყველა გზის გადაკეტვის გამო დაჯარიმებას ეხებოდა.
"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ხელმძღვანელი ნონა ქურდოვანიძე "სოციალურ ქსელში განმარტავს, რომ დაჯარიმება იმ საფუძვლით, რომ გზა უკანონოდ გადაიკეტა, რადგან ხალხის რაოდენობა არ იყო საკმარისი კონსტიტუციის დარღვევაა.
მისი თქმით, 5000-ლარიანი სანქცია, ცხრამეტჯერ მეტია, ვიდრე საარსებო მინიმუმი, რაც სისხლისსამართლებრივ დასჯას უთანაბრდება და არაპროპორციულია.
"ვაჯამებთ სამართლებრივი დახმარების ქსელის ცხელი ხაზის დღევანდელ დღეს. მხოლოდ ამ ერთ დღეში 150-მდე ზარი შემოვიდა, თითქმის ყველა ეხებოდა გზის გადაკეტვის გამო დაჯარიმებას. ეს დაახლოებით 750 000 ლარის ღირებულების ჯარიმაა მხოლოდ ერთ დღეზე.
ჩვენი რჩევაა, ყველამ გაასაჩივროს, შედეგის მოლოდინის მიუხედავად, ამას მაინც ექნება სხვა შედეგი.
დაჯარიმება 5000 ლარით იმ საფუძვლით, რომ გზა უკანონოდ გადაიკეტა, რადგან ხალხის რაოდენობა არ იყო საკმარისი, არის კონსტიტუციის დარღვევა. იმ შემთხვევაშიც კი, თუ კანონი ფორმალურად ირღვევა, არაძალადობრივი ქცევა/პროტესტი სისხლისსამართლებრივ დასჯას არ უნდა დაექვემდებაროს.
5000 ლარიანი სანქცია, ანუ 19-ჯერ მეტი, ვიდრე საარსებო მინიმუმია, სისხლისსამართლებრივ დასჯას უთანაბრდება და აშკარად არაპროპორციულია. ამ პრინციპების შესახებ ძალიან კარგად იცის ყველა მოსამართლემ და ამ არაადამიანური სამართალდარღვევათა კოდექსის პირობებშიც შეუძლიათ გამოსავლის პოვნა და ამ დასჯის არგამოყენება. თუმცა, ამ საქმის განმხილველი მოსამართლეები მოსამართლის მანტიას ტყუილად ატარებენ და ყოველ დღე ასობით მოქალაქე საკუთარი გამოცდილებით რწმუნდება, რომ სასამართლო არ არსებობს", - წერს ნონა ქურდოვანიძე.




























