თქვენ დაირქვით უცხო ქვეყნის გავლენის მქონე თუ კარგია, კანონის მიღების შედეგებზე გიფიქრიათ? - ამ კითხვით მიმართა საიას თავმჯდომარემ, ნონა ქურდოვანიძემ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს, მამუკა მდინარაძეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე.
მდინარაძემ დღეს სხდომაზე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტი წარადგინა. განხილვა უკვე 8 საათზე მეტია მიმდინარეობს.
„კანონპროექტში წერია, რომ ეს რეგულაციები არ გამოიწვევს ორგანიზაციების შეზღუდვას - ეს არის ძალიან დიდი ტყუილი. ამ კანონის მიღება გამოიწვევს იმას, რაც მოხდა რუსეთში, სადაც ძალიან ბევრი ორგანიზაცია დაიხურა და საქართველოშიც ასე მოხდება. ჩვენ არ დავრეგისტრირდებით უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად. ეს ნიშნავს, რომ თქვენ დაგვარეგისტრირებთ ძალით, ამის შემდეგ ყოველთვიურად დაგვაჯარიმებთ 25 ათასი ლარით, რასაც ყოველთვიურად ემატება სანქცია. წლიურად ეს ჯარიმა იქნება 250 000 ლარზე მეტი, ხოლო 6 წლის განმავლობაში, რასაც თქვენ ამ კანონში ადგენთ, გამოიწვევს მილიონნახევრიან ჯარიმას, ვერც ერთი ორგანიზაცია ამას ვერ გადაიხდის, ანუ ფაქტობრივად ორგანიზაციები შეწყვეტენ საქმიანობას. საია უკვე 30 წელია არსებობს იმისთვის, რომ დაიცვას ადამიანის უფლებები და რატომ უნდა დავემორჩილოთ კანონს, რომელიც უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარებელს დაგვარქმევს? ეს გამოიწვევს ორგანიზაციების ფაქტობრივ დახურვას“, - თქვა ქურდოვანიძემ.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის თქმით, ეს მიდგომა ტყუილია.
ქურდოვანიძის განცხადებით, კანონის მიღებით დაზარალდებიან ქალები, ბავშვები და ყველა ის ფიზიკური პირი, ვინც მომსახურებას იღებს, რასაც არასამთავრობო სექტორი უწევს.
„რატომ უნდა დავირქვათ ეს სახელი? თქვენ დაირქვით თუ კარგია. თქვენ დაიწერეთ, რომ უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარებელი ხართ. გიფიქრიათ კანონის შედეგებზე?“, - მიმართა ქურდოვანიძემ მამუკა მდინარაძეს.
პარლამენტში დღეს, "ქართული ოცნების" მიერ ინიციირებული "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის განხილვები საპროტესტო აქციების ფონზე დაიწყო. სამოქალაქო საზოგადოების და მედიის საკანონმდებლო ორგანოში არდაშვების შემდეგ შენობასთან 10 საათიდან საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების საპროტესტო აქციები იმართება, რომელსაც სტუდენტებიც შეუერთდნენ. მასშტაბური აქცია კი საღამოს 19 საათზეა დაგეგმილი.