საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, ნონა ქურდოვანიძე აცხადებს, რომ საქართველოში ჯეიმს ო’ბრაიენის ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ქვეყანა ახლა კრიტიკულ ზღვარზეა.
როგორც ნონა ქურდოვანიძემ ჟურნალისტებს, არასამთავრობო ორგანიზაციებთან ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის შეხვედრამდე განუცხადა, მას არ აქვს ინფორმაცია, რა გზავნილები ექნება ო’ბრაიენს.
"არ მაქვს ინფორმაცია, რა გზავნილებითაა ჩამოსული. ეს ყველაფერი გაირკვევა მოგვიანებით, პრესკონფერენციაზე. ეს ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველო ახლა არის კრიტიკულ ზღვარზეა, როდესაც უნდა გადაწყდეს ქვეყანა საით მიდის, ევროკავშირისკენ თუ რუსეთისკენ. ამიტომ დღეს, ისე როგორც არასდროს, ყველა პარტნიორი ქვეყნის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია. ნებისმიერი ასეთი მაღალი დონის ვიზიტი აჩვენებს, რომ ჩვენი პარტნიორები კიდევ ერთხელ ცდილობენ, საქართველო დაუბრუნდეს დემოკრატიული განვითარების გზას", - თქვა საიას თავმჯდომარემ.
რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის მიერ ო’ბრაიენისთვის შეხვედრაზე უარის თქმას, ნონა ქურდოვანიძის შეფასებით, ეს შესაძლოა იმას ნიშნავდეს, რომ სათქმელი არაფერი აქვთ.
"უარები გუშინაც ვნახეთ, გუშინაც არ შეხვდნენ მაღალწარმომადგენლობით დელეგაციას. ამის ახსნაც კი ძალიან ძნელია. ისინი უბრალოდ უარს ამბობენ შეხვედრაზეც კი, რაც ნიშნავს, რომ სათქმელი ალბათ არაფერი აქვთ, არ ვიცი. საუბრები არის ძალიან მნიშვნელოვანი. საზოგადოება ელოდება იმ გადაწყვეტილებას, რომელიც ქვეყნის ინტერესებში უნდა იყოს. კანონის მიღება ქვეყნისთვის ძალიან საგანგაშო და დამაზიანებელი იქნება",- აღნიშნა მან.