საია 24 რაიონულ სასამართლოში 24 სარჩელს შეიტანს, - ამის შესახებ საიას ხელმძღვანელმა, ნონა ქურდოვანიძემ განაცხადა.
მისი თქმით, საქმე ეხება ხმის მიცემის ფარულობის დარღვევას არჩევნების დროს, რაც მოქალაქეების კონსტიტუციური უფლებაა და ეს უფლება 26 ოქტომბერს დარღვეული იყო.
"სამწუხაროა, რომ ოლქებმა პრობლემების მოგვარებაზე უარი თქვეს და ეს მოსალოდნელიც იყო, თუმცა ახლა უფრო დიდი ბრძოლისთვის ვემზადებით. 24 სასამართლოში შევიტანთ 24 სარჩელს, რომელიც მოიცავს 73 ოლქის შედეგების ბათილად ცნობას. შევძლებთ, რომ ყველა სასამართლოს 24-ჯერ დავუმტკიცოთ, თუ რატომ არის ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა კონსტიტუციის საწინააღმდეგო, რასაც მტკიცებაც არ სჭირდება.
წარვადგენთ მტკიცებულებებს და მოვითხოვთ, რომ დავუბრუნოთ საქართველოს მოქალაქეებს ფარული არჩევანის უფლება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ეხება კონსტიტუციის გარანტირებულ ფუნდამენტურ პრინციპს - ეს არის ფარულობა. თუ არ არსებობს ფარული არჩევნები, ის არ არის არჩევნები და არაკანონიერია არჩევნები, რომელიც ფარულობის პრინციპის დარღვევით ტარდება", - განუცხადა ნონა ქურდოვანიძემ tv პირველს.