მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"შემდგომი ნაბიჯები შეიძლება კიდევ უფრო რეპრესიული გახდეს" - ნონა ქურდოვანიძე NGO-ების ანგარიშების დაყადაღებაზე

ქურდოვანიძე

საია-ს თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძე არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშების დაყადაღებას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ამ გამოძიების ფარგლებში შემდგომი ნაბიჯები შეიძლება კიდევ უფრო რეპრესიული გახდეს.

როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, ჩანს, რომ რეპრესიების შემდეგი სამიზნე დამოუკიდებელი ადვოკატები იქნებიან.

თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და დღეს, 7 არასამთავრობო ორგანიზაციის საბანკო ანგარიშებს დაედო ყადაღა. ეს ორგანიზაციები არიან: ა(ა)იპ „სამოქალაქო საზოგადოების ფონდი“, ა(ა)იპ „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" , ა(ა)იპ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“, ა(ა)იპ „დემოკრატიის მცველები“ , ა(ა)იპ „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ , ა(ა)იპ „საფარი“, ა(ა)იპ „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“.

"დაიწყო რეპრესიების ახალი ეტაპი. პროკურატურამ აბსურდული ბრალდებით დააყადაღა 7 ორგანიზაციის საბანკო ანგარიშები და ფაქტობრივად თითქმის შეუძლებელი გახადა საქმიანობის გაგრძელება. მიუხედავად იმისა, რომ "ქართულ ოცნებას“ მიღებული აქვს და მოქმედებაშია მოყვანილი სამოქალაქო საზოგადოების შემზღუდველი 3 კანონი, დღევანდელი გადაწყვეტილება ამ კანონებს არ ეფუძნება. პროკურატურას გამოძიება დაწყებული აქვს სისხლის სამართლის კოდექსის ბევრად უფრო მძიმე მუხლებით. ამ გამოძიების ფარგლებში შემდგომი ნაბიჯები შეიძლება კიდევ უფრო რეპრესიული გახდეს.

პროკურატურა დანაშაულად აცხადებს აქციების დროს დაკავებული ადამიანების სამართლებრივ დახმარებას. ის, რომ არავინ დარჩეს დაუცველი და დაკავებულს სასამართლოში წარმოადგენდეს მისთვის სანდო ადვოკატი, პირველ რიგში, მართლმსაჯულების ინტერესებში უნდა შედიოდეს და დღეს პროკურატურამ სასამართლოს ხელით მართლმსაჯულების ინტერესებში მოქმედება დანაშაულად აქცია. როგორც ჩანს, რეპრესიების შემდეგი სამიზნე დამოუკიდებელი ადვოკატები იქნებიან.

რაც შეეხება აირწინაღებს, თუ რომელიმე ორგანიზაცია აირწინაღს აძლევს თავის თანამშრომელს, რომელიც ველზე მუშაობს და მონიტორინგის პროცესშია ჩართული, ეს სისხლის სამართლის დანაშაული კი არა, საქართველოს შრომის კოდექსის დაცვაა.

სრული მხარდაჭერა ჩვენს კოლეგებს", - წერს ნონა ქურდოვანიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები