საქართველოში დღეს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ჩამოდის. აშშ-ის საელჩოს ცნობით, ჯეიმს ო’ბრაიენი თბილისის დროით 20:30 საათზე, სასტუმრო „შერატო მეტეხი პალასში“ პრესკონფერენციას გამართავს და მედიის კითხვებს უპასუხებს.
სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, ჯეიმს ო’ბრაიენი საქართველოში ვიზიტისას, დღის განმავლობაში მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოების და კერძო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდება, რათა გამოხატოს აშშ-ის მტკიცე ერთგულება ქართველი ხალხისადმი.
ო’ბრაიენთან შეხვედრის შესახებ ინფორმაცია 13 მაისს დაადასტურა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემაც, რომელიც ელის რომ სახელმწიფო მდივნის მოადგილე სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში საქართველოში ვიზალიბერალიზაციაზე, თავისუფალ ვაჭრობასა და პირდაპირ ფრენებზე.
ცნობისთვის, ჯეიმს ო'ბრაიენი საქართველოს გასული წლის ივნისში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელის სტატუსით სტუმრობდა. მაშინ ო'ბრაიენმა და ო'სალივანმა ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილთან უკრაინაში რუსეთის მიერ საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, საერთაშორისო სანქციების აღსრულებისა და სანქციების შესაძლო გვერდის ავლის რისკების პრევენციის მიმართულებით საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯები განიხილეს.
მაღალი რანგის სტუმრებს ქართულმა მხარემ მიაწოდა დეტალური ინფორმაცია სანქციების აღსრულების პროცესთან დაკავშირებით და ისაუბრა იმ ღონისძიებებზე, რომელსაც ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ახორციელებს, როგორც ექსპორტის, ისე რეექსპორტისა და ტრანზიტის მიმართულებით.