მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სანქციების ჯგუფის რეკომენდაციებში შესაძლოა, რამდენიმე ცნობილი ქართული გვარი მოხვდეს - მაიკლ მაკფოლი

64a2dafca37e9
BM.GE
01.07.23 22:05
282
აშშ-ის ყოფილ ელჩთან რუსეთში, მაიკლ მაკფოლთან რადიო "თავისუფლებამ" ინტერვიუ ჩაწერა. ინტერვიუს ბოლოს ის ადასტურებს, რომ ზაფხულში სანქციების ჯგუფის რეკომენდაციებში შესაძლოა, რამდენიმე ცნობილი ქართული გვარი მოხვდეს.

- 2008 წელს, ბუქარესტის სამიტზე საქართველო და უკრაინა ერთგვარ ტანდემად განიხილებოდა - ეს იყო დუეტი, რომელსაც უნდოდა ნატოში გაწევრიანება. გადავახვიოთ დრო დღევანდელ დღემდე - დღეს მგონი აღარავინ მიგვიჩნევს ჩვენ და უკრაინას ტანდემად, ასე არაა? სად ვართ ჩვენ - როდესაც საქმე საქართველოს ნატოში გაწევრების პერსპექტივებს შეეხება?

- უფრო შორსაც წავიდოდი და ვიტყოდი, რომ 2008 წელს ამ ტანდემში ლიდერად საქართველო იყო მიჩნეული, უკრაინას უსწრებდა, როგორც მზადყოფნითა და არგუმენტაციით, ასევე ქართულ საზოგადოებაში არსებული ენთუზიაზმი ნატოსთან მიმართებით ბევრად უფრო მაღალი იყო, ვიდრე უკრაინაში. თქვენ უფრო წინ იყავით, და ამის ფონზე კიდევ უფრო ტრაგიკულია ის, რასაც დღეს ვხედავთ, თუ როგორ შეიცვალა ყველაფერი. როდესაც ევროკავშირმა გამოაცხადა, რომ უკრაინას და მოლდოვას მიენიჭებოდა კანდიდატი ქვეყნების სტატუსი, საქართველო კი „გამოტოვეს“, ეს იყო ტრაგიკული სიგნალი იმისა, თუ რამდენად ჩამორჩა საქართველო ევროპულ გზას. ძალიან ტრაგიკულია ეს, რადგან ვფიქრობ, საქართველო ნამდვილად არის ევროპული ქვეყანა და წარსულში ნათლად აჩვენა, რომ შეუძლია იყოს დემოკრატიული ქვეყანა, გამართული ეკონომიკით და ფანტასტიკური რეფორმებით. ეს იყო ქვეყანა, რომელიც მთელი პოსტსაბჭოთა სამყაროსთვის თითით იყო საჩვენებელი - საქართველოში მივფრინავდით, რათა გვესწავლა, რა გააკეთეს მათ, რის ხარჯზე შეძლეს ასე ეფექტურად დაეღწიათ თავი პოსტკომუნისტური მარწუხებისათვის და დემოკრატია ეშენებინათ ამ რეგიონში. მაგრამ ის დრო წავიდა. იმედი მაქვს, რომ ძალები ქვეყნის შიგნით მოახერხებენ თანამშრომლობას ევროკავშირის მსგავს ინსტიტუტებთან, მოახერხებენ განვითარების გზას დაუბრუნდნენ.

- უკრაინაში მიმდინარე მოვლენებში უშუალოდ ხართ ჩართული - ვგულისხმობ რუსეთის სანქციებზე მომუშავე ერმაკ-მაკფოლის საექსპერტო ჯგუფს - ფიგურირებს თუ არა ქართული გვარები იმ სიებში, რომელზეც ახლა მუშაობთ?

- რაც ამ ეტაპზე შემიძლია გაგიმხილოთ, არის შემდეგი: ჩვენს ჯგუფს ნამდვილად აქვს განხილული კონკრეტული ინდივიდუალური პირები და ორგანიზაციები საქართველოდან, რომელთა სანქცირებაზე ვფიქრობთ. ასე რომ, დაელოდეთ მოვლენათა განვითარებას - ახალ დოკუმენტებს ზაფხულის განმავლობაში გამოვაქვეყნებთ. გვაქვს საკმაოდ მყარი მტკიცებულებები, რომელიც მიუთითებს, რომ ისინი ეხმარებიან რუსეთს სანქციებზე გვერდის ავლასა ან, ასე ვთქვათ, „გზის მოჭრაში”, და ჩვენ გვსურს ამას ნათელი მოვფინოთ. იმაზე, რომ საქართველო ნამდვილად არის ჩართული ამაში, ისიც მიუთითებს, რომ დავასახელებთ ცნობილ გვარებს. ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება არ გვაქვს მიღებული და ამიტომაც ვფრთხილობ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები