კომპანია "ბლექსი გრუპის" გენერალური დირექტორის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ სამშენებლო სამუშაოების შესყიდვასთან დაკავშირებით მასალების, მანქანა-მოწყობილობებისა და შრომის ანაზღაურების სარეკომენდაციო საბაზრო ღირებულების განსაზღვრისას, მოისმინოს ბაზრის მოთამაშეების აზრიც. ამასთან, როგორც ამირან მამუჭაძე აღნიშნავს, თუ ფასები მხოლოდ წელიწადში ერთხელ გადაიხედება, ინფლაციის გათვალისწინებით ინდექსაცია აუცილებელი იქნება.
საქმე ისაა, რომ საქართველოს მთავრობის განკარგულებით ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს დაევალა სამშენებლო სამუშაოების შესყიდვასთან დაკავშირებით სამშენებლო მასალების, მანქანა-მოწყობილობებისა და შრომის ანაზღაურების შესაბამისი სარეკომენდაციო საბაზრო ღირებულების განსაზღვრა. სწორედ ამ ფასებზე დაყრდნობით შეძლებენ შემსყიდველი ორგანიზაციები დაგეგმონ ბიუჯეტები და გამოაცხადონ შესაბამისი ტენდერები.
“ჩვენი მხრიდან რეკომენდაცია იქნება, რომ სამხარაულმა ფასწარმოქმნის დროს - იქნება ეს მანქანა-მექანიზმების მუშაობის საათი, ნაწილობრივი ხელფასის პოზიცია, სამშენებლო სამუშაოების შესრულების პოზიცია, თუ სხვა ფასთა კვლევის დროს, [პროცესში] ჩართოს ის ორგანიზაციები და კომპანიები, რომლებიც უშუალოდ ამ სექტორში ვართ დასაქმებულები. თუ სამხარაული დაეყრდნობა ისევ იმ კონკრეტული ფასების წიგნს, რომელსაც მთელი საქართველო აქამდე იყენებდა, მაშინ ეს ვერ იქნება ობიექტური და სწორი.
ნებისმიერ ევროპულ სახელმწიფოში, ან თუნდაც საქართველოს მეზობელ ქვეყნებში - თურქეთში, სომხეთსა და აზერბაიჯანში ფასების ცხრილი კეთდება წელიწადში ერთხელ, მაგრამ განსხვავება არის ის, რომ თვეში ერთხელ, ნებისმიერი თვის პირველ რიცხვში, სახელმწიფოს შესაბამის ინსტიტუტს გამოჰყავს ინდექსაციის ფორმულა. სტატისტიკის დეპარტამენტი იქნება თუ სამინისტრო, აუცილებლად ადგენს ინდექსაციას, სადაც ნებისმიერი გაძვირება - იქნება ეს ხელფასი თუ მანქანა-მექანიზმების საწვავი - დამკვეთი ან აპლიუსებს, ან ამინუსებს ინდექსაციის ფორმულას.
ეს ნიშნავს, რომ ცალკე მხოლოდ ფასწარმოქმნის პოლიტიკის ჩამოყალიბება ვერ შექმნის ბაზარზე ბალანსს, ვერ იქნება კონკურენტუნარიანი და ვერ იქნება სწორი საბაზრო ფასები. სახელმწიფომ აუცილებლად უნდა შეიმუშაოს და შექმნას ინდექსაციის სწორი პოლიტიკა. თუ ინდექსაცია იქნება ყოველ თვეში ერთხელ, ეს ნიშნავს, რომ საკმაოდ ჯანსაღი ფასები იქნება ბაზარზე”, - ამბობს "ბლექსი გრუპის" გენერალური დირექტორი ამირან მამუჭაძე.




























