კომპანია Stemscale Georgia-ს მთავარი აღმასრულებელი ოფიცერ მიხეილ კუკავას შეფასებით, 2025 წლის საინვესტიციო ნაკადები საქართველოში არა - ინვესტიციების „აფეთქებაზე“, არამედ მხოლოდ აღდგენის პროცესზე მიუთითებს, სადაც ახალი კაპიტალის სიმცირეს, ძირითადად, არსებული კომპანიების რეინვესტიცია აბალანსებს.
„მხოლოდ რუკაზე კარგ ადგილას ყოფნა საკმარისი არაა, ინვესტორს სჭირდება სტაბილურობა და ნდობა“, - განაცხადა მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილთან“ ინტერვიუში და იქვე დასძინა, რომ თანამედროვე ინვესტორი მხოლოდ დაბალ გადასახადებს აღარ სჯერდება და გადამწყვეტ მნიშვნელობას სასამართლოს დამოუკიდებლობას, საკუთრების დაცულობასა და პოლიტიკურ სტაბილურობას ანიჭებს.
როგორც ცნობილია, კომპანია Eagle Hills-ი 2025 წლის IV კვარტალში უმსხვილეს ინვესტორ კომპანიათა TOP-ათეულში გამოჩნდა. 2025 წელს საქართველოში ჯამურად 1 მილიარდ 700 მლნ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა, რაც 2024 წელზე მეტია, თუმცა 2022 და 2023 წლების მაჩვენებლებზე ნაკლები.
რას ამბობს სტატისტიკა საქართველოს საინვესტიციო კლიმატზე და როგორ შეიძლება აისახოს ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი ინვესტიციებსა და ეკონომიკაზე? - ინტერვიუ კომპანია Stemscale Georgia-ს მთავარ აღმასრულებელ ოფიცერ მიხეილ კუკავასთან.
- დარწმუნებული ვარ, ანალიტიკური თვალით დაამუშავეთ 2025 წლის FDI-ის სტატისტიკა. რას გვიყვებიან მშრალი რიცხვები?
- 2025 წლის FDI-ის მონაცემები აჩვენებს, რომ საქართველოში საინვესტიციო „აფეთქება“ არ გვაქვს, თუმცა გვაქვს აღდგენის გარკვეული პროცესი, მიუხედავად იმისა, რომ 2022-2023 წლებთან შედარებით ინვესტიციების მოცულობა მაინც ნაკლებია. ამ მონაცემებში ყველაზე მეტად ყურადღებას რეინვესტიცია იქცევს - აქ მოქმედი კომპანიები მოგების ნაწილს ქვეყანაში ტოვებენ. ეს კარგი სიგნალია, თუმცა, მეორე მხრივ, ნიშნავს იმას, რომ მსხვილი ინვესტორების მასობრივი შემოსვლა, ჯერჯერობით, არ გვაქვს. კაპიტალი რჩება, მაგრამ ახალი კაპიტალი არ მოდის...
- გეთანხმებით, რეინვესტიციის ზრდა ზოგადად პოზიტიური სიგნალია; ჯამურ FDI-ში რეინვესტიციის წილმა შარშან 83%-ს აჭარბებდა. რას ნიშნავს ეს დღევანდელ საქართველოში - ცალსახად იმას, რომ ბიზნესგარემო სტაბილურია და ინვესტორები საქმიანობას აგრძელებენ? და თუ ასეა, სად არიან ახალი ინვესტორები?
- სწორი კითხვაა და აქცენტიც მართებულია. შეიძლება ითქვას, რომ საქართველო ინვესტორებისთვის მაინც საინტერესოა - ვართ პატარა, მოქნილი და გეოგრაფიულად ხელსაყრელი ბაზარი. თუმცა დღეს ინვესტორი მხოლოდ დაბალ გადასახადებს აღარ უყურებს. ის სვამს რთულ კითხვებს: რამდენად დაცულია საკუთრება? რამდენად დამოუკიდებელია სასამართლო? რამდენად სტაბილურია პოლიტიკური და ეკონომიკური წესები? ინვესტორს ფულზე მეტად ნდობა სჭირდება. ინვესტიცია მიდის იქ, სადაც მოგებასთან ერთად, არსებობს წესების მიმართ ნდობა. სწორედ ეს ნდობა გვაკლია.
- დღევანდელ საქართველოში რა ტიპის ინვესტორები დებენ ინვესტიციებს?
- ფულს დებენ ის ინვესტორები, რომლებსაც ქვეყანასთან ურთიერთობის გამოცდილება აქვთ. ეს არის ე.წ. „მიდევნების“ (follow-up) ინვესტიციები, რათა უკვე არსებულმა ინვესტიციამ ღირებულება არ დაკარგოს და შენარჩუნდეს. როგორც გითხარით, ძალიან გვაკლია ახალი ინვესტორები, რომლებსაც ექნებათ ნდობა ქვეყნის ეკონომიკური და პოლიტიკური წესების მიმართ. მათი მოზიდვა ამ ნდობის გარეშე შეუძლებელი იქნება. ის ფაქტორები, რაც ჩამოვთვალეთ - სასამართლოს დამოუკიდებლობა, საკუთრების დაცულობა და სხვა - არის ის, რასაც ინვესტორები „ლუპით“ აკვირდებიან. ვიდრე ქვეყანაში ფულს ჩადებენ, ისინი დიდ რესურსს ხარჯავენ ამ კითხვებზე პასუხების მოსაძიებლად. თუ პასუხი დამაკმაყოფილებელი არ არის, ისინი არ გარისკავენ, რადგან ინვესტორი მთელი სხეულით გრძნობს მოსალოდნელ რისკებს.
- თქვენი კომპანია Stemscale Georgia-ს სერვისებიდან გამომდინარე, რამდენად გაქვთ შეხება პოტენციურ თუ არსებულ ინვესტორებთან და რა არის ის ყველაზე ხშირი კითხვები, რაზედაც ისინი პასუხს ითხოვენ, სანამ საქართველოში ინვესტირებას გადაწყვეტენ?
- დიახ, გვაქვს შეხება... პირველ რიგში, კითხვა ეხება იმას, იპოვიან თუ არა საჭირო მუშახელს. მას შემდეგ, რაც ფუნდამენტურ კითხვებს (სასამართლო, საკუთრება) გასცემენ პასუხს, პრიორიტეტული ხდება კადრების საკითხი. თანამედროვე მსოფლიო ეკონომიკაში მობილობა გაზრდილია. ინვესტორებს, განსაკუთრებით ინტელექტუალური ვაკანსიების შემთხვევაში, არ აქვთ მოლოდინი, რომ ადგილებს მხოლოდ ადგილობრივი კადრებით შეავსებენ. ისინი აკვირდებიან, რამდენად მიმზიდველია ქვეყანა უცხოელი სპეციალისტებისთვის, რათა სხვა ქვეყნებიდან (ევროპიდან, ამერიკიდან, აზიიდან) მოიზიდონ კადრები. სწორედ ამ გათვლებით აკეთებენ ისინი ინვესტიციას - ჩამოვა თუ არა მათთვის საჭირო სპეციალისტი საქართველოში სამუშაოდ...
- ახალი რეგულაციებით უცხოელების დასაქმებაც საკმაოდ შეიზღუდა და ამის გავლენა ინვესტიციებზე ალბათ მოგვიანებით უფრო გამოჩნდება. რაც შეეხება ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტს - რა გავლენა შეიძლება იქონიოს მან საინვესტიციო ნაკადებსა და ეკონომიკაზე?
- არ ველოდები, რომ ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი საქართველოსთვის ისეთივე „დადებითი შოკი“ იქნება, როგორიც ნაწილობრივ რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ მივიღეთ. აქ უფრო მოსალოდნელია გაურკვევლობის ზრდა, ენერგომატარებლების გაძვირება და ინვესტორების მეტი სიფრთხილე. ჩვენი, როგორც ჰაბის როლი შეიძლება გაიზარდოს, მაგრამ გეოგრაფიული მდებარეობა თავისთავად ინვესტიციებს არ ნიშნავს. მხოლოდ რუკაზე კარგ ადგილას ყოფნა საკმარისი არ არის - ინვესტორს სჭირდება სტაბილურობა და ნდობა, რაც ამჟამად არცთუ ისე მაღალია.
- ვინ შეიძლება ჩადოს ფული საქართველოში? ბოლო თვეებში ხშირად ვსაუბრობთ იმაზე, რომ ევროკავშირთან დაშორების ფონზე, ვხდებით „ნაცრისფერი ეკონომიკა“, სადაც ზრდა არის, სამუშაო ადგილებიც იქმნება, მაგრამ ნაკლებად უნდა ველოდოთ ინსტიტუციურ დასავლურ ინვესტორებს...
- რა თქმა უნდა, სამწუხაროდ, ასეა - დასავლურ ინსტიტუციურ ინვესტორებს ნაკლებად უნდა ველოდოთ. ვინ ჩადებს ფულს? პირველ რიგში ისინი, ვინც აქამდეც დებდა და სჭირდება „მიდევნება“, ასევე ისინი, ვინც ეტაპობრივად შეეგუა ქვეყანაში არსებულ ვითარებას და რისკების მიმართ ისეთი მომეტებული მგრძნობელობა არ გააჩნია, როგორიც ახალ ინვესტორს ექნებოდა. IMF-იც ამბობს, რომ ჩვენი ერთ-ერთი საყრდენი მაღალი კვალიფიკაციის მიგრანტები და სატრანზიტო ვაჭრობა იყო. უკრაინის ომი დაუსრულებლად არ გაგრძელდება და იმედია, მსოფლიო წესრიგი მალე დაასრულებს ამ საშინელებას. საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია იმ როლისა და „აღტკინების“ დაბრუნება, რაც ადრე არსებობდა - ნდობა და სურვილი, რომ ინვესტორები მოვიდნენ ქვეყანაში, სადაც ბევრი კარგი და ახალი რამ ხდება. მაგალითისთვის, უზბეკეთის დღევანდელი მთავრობა ბევრად სჯობს წინამორბედებს. მართალია, მას სრულად დემოკრატიულად ვერ მივიჩნევთ, მაგრამ ქვეყანაში დიდი ბუმია... უზბეკეთის მსგავსად არაერთი ქვეყანაა, რომელიც დემოკრატიით არ გამოირჩევა, მაგრამ ინვესტორებს აძლევს იმედს, რომ ქვეყანა ვითარდება და პროგრესირებს.
- ჩვენ თუ ვაძლევთ დღეს ინვესტორებს მსგავს პოზიტიურ იმედს?
- როგორც აღვნიშნე, 2022-2023 წლებთან შედარებით ინვესტიციების შემცირება პირდაპირ კავშირშია ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან. ეს რიცხვებშიც აისახება... ინვესტორი მხოლოდ რუკას არ უყურებს; ის აფასებს ენერგომატარებლების ფასს, დაზღვევის ღირებულებას, რეგიონულ რისკებსა და კაპიტალის ფასს. როდესაც ნავთობის ფასი დღიურად მერყეობს, ბაზრები ნერვიულობენ. ჩვენ ვართ ე.წ. „Frontier Market“ (განვითარებადი ბაზარი) და ასეთი გაურკვევლობა ჩვენთვის ძალიან ცუდია. არ უნდა გვქონდეს იმის მოლოდინი, რომ გარე ფაქტორები ან ომი მოგვიტანს „დადებით შოკს“. ჩვენ თავად უნდა გავაუმჯობესოთ მდგომარეობა. გაურკვევლობა და რისკი კიდევ უფრო აფრთხობს ინვესტორებს, მით უმეტეს, რომ საკმაოდ ახლოს ვართ ომის არეალთან, რომელსაც დანარჩენი მსოფლიო დიდი ყურადღებით აკვირდება.




























