მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"მხოლოდ სანქციების გაზრდა პრობლემას ვერ გადაჭრის" - ეკა ლალიაშვილი საგზაო უსაფრთხოებაზე

სს

ორგანიზაცია „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ თავმჯდომარე, ეკა ლალიაშვილი მიიჩნევს, რომ საგზაო შემთხვევების კუთხით მხოლოდ სანქციები პრობლემას ვერ გადაჭრის. ამის შესახებ მან „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ის მოსაზრების გასამყარებლად სტატისტიკურ მონაცემებზე საუბრობს, რომლის მიხედვითაც, ქვეყანაში ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა 2%-ით გაიზარდა, ხოლო ლეტალობა 6%-ით. ასევე გაზრდილია დაშავებულთა რაოდენობა - 8%-ით, 7 587-დან 8 191-მდე. ლალიაშვილის განმარტებით, ეს ნიშნავს, რომ ავტოსაგზაო შემთხვევები არა მხოლოდ იზრდება, არამედ მათი შედეგები უფრო მძიმეა.

„თითოეული საგზაო შემთხვევა ბევრად უფრო მძიმეა, ვიდრე 2024 წელს. სიჩქარის გადაჭარბება არის წამყვანი ფაქტორი, ასევე საპირისპირო ზოლში გადასვლა, მოძრაობის წესების დარღვევა და საგზაო ნიშნების დაუმორჩილებლობა.

საქართველოში სიჩქარის გადაჭარბებაზე წელიწადში დაახლოებით 1.5 მილიონი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ფიქსირდება. მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტში ინიციირებულია კანონპროექტი, რომელიც ჯარიმების ზრდას ითვალისწინებს, მხოლოდ სანქციების გაზრდა პრობლემას ვერ გადაჭრის“, - განაცხადა მან.

მისივე ინფორმაციით, ყოველი მესამე დაღუპული ფეხით მოსიარულეა. პრობლემად რჩება ბავშვთა უსაფრთხოებაც - 2024 წელს 17 წლამდე 27 მოზარდი დაიღუპა, ხოლო 0–7 წლის ასაკობრივ ჯგუფში 2025 წელს 7 ბავშვი ემსხვერპლა საგზაო შემთხვევებს. ლალიაშვილი აღნიშნავს, რომ ერთ-ერთი მიზეზი საბავშვო სამგზავრო სავარძლების გამოყენების სავალდებულო რეგულაციის არარსებობა და მშობლების დაბალი ცნობიერებაა : „ბავშვები იღუპებიან მგზავრობის დროს სწორედ იმის გამო, რომ არ არის დაცული უსაფრთხოების წესები, არ არის ღვედი შეკრული და ისინი არ იმყოფებიან საბავშვო სავარძლებში“, - ამბობს ის.

მისივე თქმით, საჭიროა ქულათა სისტემის ეფექტიანი აღსრულება. სტატისტიკის მიხედვით, გასულ წელს დაახლოებით 560 მძღოლს გაუნულდა ქულა, მაშინ როცა ქვეყანაში დაახლოებით 1.5 მილიონი აქტიური ავტომფლობელია.

პრესკონფერენციაზე ასევე აღინიშნა, რომ თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა 6%-ით შემცირდა, თუმცა დაღუპულთა რაოდენობა თითქმის 24%-ით გაიზარდა და დაახლოებით 94 ადამიანი დაიღუპა.

"თბილისში შემცირდა საგზაო შემთხვევები 6%-ით, თუმცა თითქმის 24%-ით გაიზარდა დაღუპულთა რიცხვი. რომ ჩვენ ვიცით, სატრანსპორტო პოლიტიკა მიმდინარეობს რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ბევრი ქუჩა და უბანი გადაკეთდა ისე, რომ ადამიანებზე იყოს მორგებული - ფეხით მოსიარულეებისთვის და ველომრბოლელებისთვის იყოს ხელმისაწვდომი უსაფრთხო. თუმცა, რჩება უბნები, რომელიც საფრთხის შემცველია საგზაო მოძრაობის მონაწილეთათვის", - თქვა მან.

მისი აზრით, საჭიროა საგზაო „შავი წერტილების“ იდენტიფიცირება, ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარება და სიჩქარის ლიმიტების გადახედვა არა მხოლოდ ცენტრალურ ქუჩებზე, არამედ საცხოვრებელ უბნებსა და სკოლების მიმდებარე ტერიტორიებზეც.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები