რძის წარმოების ინდუსტრიულ ფერმები მოგება-ზარალის ზღვარზე მუშაობენ - სექტორში გამოწვევებზე "კავკასუს გენეტიკას” დირექტორი გიორგი ხატიაშვილმა ისაუბრა.
ის, რომ საქართველოში ნედლი რძის დეფიციტია და ფასი აღემატება საშუალო ფასი ევროპის ქვეყნებში ფასების შემსწავლელ საპარლამენტო კომისიაზეც აქტუალური იყო. რძის პროდუქტების მწარმოებლები ნედლეულის დეფიციტსა და მაღალ ფასზე საუბრობენ, რძის მწარმოებელ ფერმებში კი ამბობენ, რომ საქონლის საკვებზე იმპორტდამოკიდებულება და ძვირი კაპიტალი მათ ფასების დაწევის შესაძლებლობას არ აძლევს.
"კავკასუს გენეტიკას” დირექტორი ამბობს, რომ არაერთი სახელმწიფო პროგრამის მიუხედავად ქვეყანაში ინდუსტრიული ფერმების (სადაც მოშენებულია მაღალპროდუქტიული საქონელი, 10 000 ლიტრამდე წველადობით) განვითარება ვერ მოხდა, პირიქით, ფერმების ნაწილი დაიხურა კიდეც.
„რატომაც არ ხდება თანამედროვე ტექნოლოგიური ფერმების დაარსება? მიზეზებს შორის პირველი არის ცოდნა, მათ შორის მენეჯმენტის, მოვლა/პატრონობის, თანამედროვე მიდგომებთან დაკავშირებით. ამავე დროს, ნედლეული და საინვესტიციო ხარჯები ტექნოლოგიურ ფერმებში არის ძალიან მაღალი. ბოლო წლებში კიდევ უფრო გაიზარდა, გამომდინარე იქიდან, რომ გაიზარდა თვითონ სანაშენე საქონლის ღირებულება, სულ ცოტა, 1 500 ევროთი და ერთი სულის ღირებულებამ მიაღწია, საშუალოდ, 3 500 ევროს, როდესაც ორი წლის წინ სანაშენე საქონლის ღირებულება სულ 2 000 ევროს აღწევდა. ამიტომ ინვესტიციის განხორციელება ძალიან ჭირს. ბიზნესს ფაქტობრივად არა აქვს საშუალება შექმნას თანამედროვე ახალი ფერმები, მიუხედავად იმისა, რომ ამ მიმართულებით სახელმწიფოს აქვს მესაქონლეობის განვითარების პროგრამა, რომლითაც სუბსიდირებას უკეთებს სესხის პროცენტს, მაინც არ არის სურვილი იმისა, რომ ახალი ფერმები შეიქმნას. მეტიც, გასული ორი-სამი წლის განმავლობაში, დაახლოებით, 20-მდე ფერმა დაიხურა“, - ამბობს გიორგი ხატიაშვილი.
მისი თქმით, რძის მწარმოებელი ინდუსტრიული ფერმებს ძალიან დაბალ მარჟაზე, ფაქტობრივად, მოგება-ზარალის ზღვარზე მუშაობა უწევთ, შედეგად ბიზნესისთვის ეს სექტორი არამიმზიდველია. ის ფაქტი, რომ ევროპასა და მეზობელ ქვეყნებშიც რძის ფასის სუბსიდირება ხდება ქართველ ფერმერებს იმპორტირებულ რძესა და რძის ფხვნილთან კონკურენციას ურთულებს.
„მხოლოდ სესხის სუბსიდირება რომ შედეგს არ იძლევა, ფაქტია. მესაქონლეობის განვითარების პროგრამა, საჭიროებს მოდერნიზებას და მნიშვნელოვანი ცვლილებებია გასატარებელი“, - ფიქრობს "კავკასუს გენეტიკას” დირექტორი.
მისი თქმით, გარდა იმისა რომ ძვირი და რთულია კაპიტალთან წვდომა, სესხის მიღება, გამოწვევაა საკვების ადგილზე წარმოება და ამ მიზნით სასოფლო ტექნიკასთან წვდომა.
"მთავარი საინვესტიციო დანახარჯი აქ არის სანაშენე საქონელი. მაგალითად, ჩვენს მეზობელ აზერბაიჯანში სანაშენე საქონლის ღირებულების 50-60% არის სუბსიდირებული სახელმწიფოს მიერ. დაახლოებით, ასეთი მიდგომებია საჭირო. ამავე დროს, ჩვენთან გაცილებით ძვირი ჯდება საკვების წარმოება. ნედლ რძეში საკვებს თვითღირებულებას დაახლოებით, 50-60% უჭირავს. რატომ გვიჯდება საკვების წარმოება ძვირი? იმიტომ, რომ არა გვაქვს შესაბამისი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა, განსაკუთრებით დეფიციტია სილოსის დამამზადებელი კომბაინების და, თუნდაც, ერთი კომბაინი რომ შეიძინოს ფერმერმა, სადღაც, ნახევარი მილიონი ევროს ინვესტიცია არის საჭირო. ამას ვერცერთი ფერმერი ვერ შეძლებს. ამ მიმართულებითაც არსებობს გარკვეული სახელმწიფო პროგრამა, თუმცა იმდენად ძვირად ღირებულია ეს ტექნიკა, რომ სახელმწიფოს დახმარებითაც ფერმერი ვერ ახერხებს მის შეძენას. არა გაქვს საკვების დამამზადებელი ტექნიკა, არა გაქვს საკვები, შეუძლებელია მაღალპროდუქტიული საქონლის კვება ჩვეულებრივი რაციონით“, - განმარტავს ხატიაშვილი.
"კავკასუს გენეტიკაში“ ფიქრობენ, რომ ნედლ რძეზე მოთხოვნის გამო, სექტორის განვითარების პოტენციალი არის, თუმცა მნიშვნელოვანია სახელმწიფომ გადახედოს არსებულ პროგრამებს და მნიშვნელოვანი ცვლილებები განახორციელოს.
„სწორი ცვლილებების პირობებში,მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში სრულებით შესაძლებელი იქნება იმ დეფიციტის აღმოფხვრა, რაც დღეს არსებობს ნედლი რძის ბაზარზე“, - მიიჩნევს ხატიაშვილი.




























