მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მხოლოდ ტრანზიტის ფუნქცია დაგვრჩა“ - ავტოიმპორტიორები მთავრობასთან შეხვედრას ითხოვენ

ნონიაძე

საქართველოს ავტო იმპორტიორთა ასოციაციაში აცხადებენ, რომ საქართველო ჰაბის ფუნქციას კარგავს, სადაც იმპორტირებული ავტომობილების მომსახურება და შემდეგ რეექსპორტი ხდებოდა. მათი თქმით, უცხოელ იმპორტიორებს ავტომობილები ქვეყნიდან დაყოვნების გარეშე გაჰყავთ, ქართველი დილერები კი მათ კონკურენციას ვეღარ უწევენ.

სექტორი მთავრობასთან შეხვედრას და საკითხის საკანონმდებლო დონეზე დარეგულირებას მოითხოვს. როგორც „საქმიანი დილის“ ეთერში ავტოიმპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ალექსი ნონიაძემ განაცხადა ამ ეტაპზე სექტორის წარმომადგენლები ხელმოწერებს აგროვებენ.

„ბიზნესის არსებული ფორმა ჩამოყალიბდა მას შემდეგ, რაც სახელმწიფომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ საგადასახადო კოდექსის ლიბერალიზაცია მომხდარიყო და ავტომობილების რეგისტრაცია ერთი ფანჯრის პრინციპით განხორციელებულიყო. ამას ემატება ის რომ ზღვისპირა ქვეყანა ვართ, გვაქვს პორტები და ჯამში შეიქმნა საქართველოში ავტოჰაბი. ამ სექტორში საქართველოს ბევრი მოქალაქეა ჩართული, ერთ ავტომობილზე მიბმულია 14-15 დასაქმებული პირი, ოღონდ ვსაუბრობ საქართველოს მოქალაქის მიერ გაყიდულ ავტომობილზე. ეს დამატებით შემოსავალს ქმნიდა ეკონომიკაში. დღეს შექმნილია რიგი გამოწვევები. პანდემიის შემდეგ შემოვიდნენ კონკურენციაში უცხო ქვეყნის მოქალაქეები როცა გაჩნდნენ ე.წ. შუამავლები. ამ შუამავლებმა დროთა განმავლობაში ჩაანაცვლეს ქართველი ავტო იმპორტიორები. რომ ვისაუბროთ ყაზახ ავტო იმპორტიორებზე, მათ თავად ჩამოჰყავთ, გამოჰყავთ პორტიდან და უწევენ ტექნიკურ შეკეთებას და გაჰყავთ ისე, რომ რუსთავის ავტო ბაზრობაზე არ შემოდიან. თუ ტრანსფერის ფუნქციას ვასრულებდით, ახლა ვართ ტრანზიტის ფუნქციით. მაქსიმუმ ტრანზიტის ფული გადაიხადონ და მთლიანი მოგება რჩევა ყაზახს.

მეორე, ვინც შემოდის ბაზრობაზე, შეთანხმებულად მოქმედებენ. წინა წელს 60 ათასით მეტი შემოვიდა ვიდრე ბაზარი ამას აიტანდა, ამის გამო იძულებული გახდნენ იმპორტიორები, რომ თვითღირებულებაში გაეყიდათ. ამით სარგებლობენ, უნდა ნახოთ ყოველ დილით შეხვედრები აქვთ და თანხმდებიან, რომ ქართველ იმპორტიორებს ამაა ამ მოდელზე ამაზე მეტი არ გადავუხადოთ. დემპინგურად წევენ ფასებს და ის მოგება რაც უნდა მიეღო ქართველს, მიაქვს ყაზახს.

არასდროს ამ თემაზე სახელმწიფო არ შეგვიწუხებია, მაგრამ ახლა საჭიროა დამატებითი საკანონმდებლო ცვლილებები და რეგულაციები. ავტო იმპორტიორები და ზოგიერთი ლოგისტიკური კომპანიაც თანხმდება იმაზე, რომ ეს უნდა დავარეგულიროთ. ყველაზე მარტივია ის, რომ რეექსპორტის ვადა რომელიც ახლა არის 45-დღიანი, შემცირდეს 5-10დღემდე. ასევე ლიცენზირების საკითხი, რომელიც უფრო რთული და დასამუშავებელი გზაა. ბევრი პრობლემაა და ერთად დასხდომა საჭიროა.

ავტო იმპორტიორები ხელმოწერებს ვაგროვებთ და უახლოეს ხანებში გვინდა მთავრობასთან შეხვედრა. გვესმის არსებული მდგომარეობა, თუმცა იმედია ეს საკითხიც იქნება გათვალისწინებული. ახლა მიდის ხელმოწერების შეგროვება, რათა დაინახოს მთავრობამ, რომ ეს მასშტაბური პრობლემაა,“ - განაცხადა ნონიაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები