მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"მკისა" მომავალ წელს მოცვის მოსავლის გაორმაგებას ელოდება - კომპანიის CFO გეგმებზე

მკისა

აგრონომიული კომპანია "მკისა", რომელიც ადგილობრივ ბაზარზე 2020 წლიდან ოპერირებს და ხობსა და წყალტუბოში მოცვის, ხოლო ბოლნისში ნუშის ბაღებით არის წარმოდგენილი, მომავალ წელს მოცვის მოსავლის გაორმაგებას ვარაუდობს. როგორც კომპანიის ფინანსურმა დირექტორმა ალეკო ცერცვაძემ "საქმიანი დილას" ეთერში აღნიშნა, იგეგმება ზრდა "მკისას" მიერ ათვისებული მიწების ფართობის მიმართულებითაც.

"ჩვენი მიწების ჯამური ფართობი არის 165 ჰექტარი, საიდანაც უკვე ათვისებულია დაახლოებით 105 ჰექტარი. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ყოველწლიურად გვაქვს გარკვეული გეგმები ამასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ავითვისებთ დარჩენილ ტერიტორიებსაც და დიდი სურვილი და ამბიცია გვაქვს, დამატებითი გამოწვევებისკენაც რომ ვისწრაფოდეთ.

შარშანდელი წელი მოცვის კულტურაში უფრო სტაბილურობით გამოირჩეოდა, იმიტომ რომ მეტეოროლოგიური პირობებიც ხელს უწყობდა ამას, მოსავლის აღებაც უფრო მარტივად წარიმართა. წელს მეტეოროლოგიურმა პირობებმა ხელი არ შეუწყო მოლოდინების გამართლებას. იყო ისეთი ამინდები, რომელიც ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში არ დაფიქსირებულა, დასავლეთ საქართველოში განსაკუთრებით. თუმცა, მაინც პოზიტიურად ვუყურებთ, იმიტომ რომ მცენარე არ დაზიანებულა, რაც მთავარია. შარშან ჩვენს ბაღში დაახლოებით 20-22 ტონა მოცვი ავიღეთ. წელს კი - დაახლოებით 30 ტონამდე. როგორც გითხარით, ცოტა მეტის მოლოდინი გვქონდა, თუმცა არც ეს, არც ეს არის ცუდი. მომავალ წელს დაახლოებით 60-70 ტონა მოცვის მოსავალს ველოდებით", - ამბობს ალეკო ცერცვაძე.

"მკისას" ფინანსური დირექტორი BMG-ის ეთერში პროდუქტის ღირებულებასა და საექსპორტო ბაზრებზეც ისაუბრა. როგორც ცერცვაძემ აღნიშნა, "მკისას" მოცვი საზღვარგარეთ როგორც რეგიონის, ასევე ევროკავშირის ქვეყნებში იყიდება.

"ფასი ამ სფეროში ბოლო წლებში მეტ-ნაკლებად დასტაბილურდა. თავიდან, ამ კულტურის პოპულარიზაციის პირველ წლებში, ცოტა მერყევი ფასები იყო. თუმცა ვიტყოდი, რომ ბოლო წლებში სტაბილურია. ჩვენს შემთხვევაშიც ასეა. შარშან იყო დაახლოებით 15-16 ლარის ფარგლებში, წელს - 17 ლარის ფარგლებში. მომავალ წელსაც დაახლოებით იმავეს მოლოდინი გვაქვს.

ექსპორტის კუთხით საინტერესო გამოწვევების წინაშე ვდგავართ. მოგეხსენებათ მოცვის პოპულარიზაცია საკმაოდ მაღალია. ჩვენი ძირითადი სარეალიზაციო ბაზარიც ექსპორტზეა. ეს მოიცავს ძალიან ბევრ მიმართულებას, როგორც მეზობელ ქვეყნებს, ასევე ევროკავშირს. გაგვიყიდია მოცვი გერმანიაში, პოლონეთში, საბერძნეთში, ასევე მეზობელ ქვეყნებში. თუმცა ადგილობრივ ბაზარზეც იზრდება ამ პროდუქტის პოპულარობა და ადგილობრივ ბაზარზეც ვყიდით. იგივე შემიძლია ვთქვა ნუშზეც. თუმცა ნუშის რეალიზაცია ჩვენი მხრიდან უფრო ადგილობრივ ბაზარზე მიმდინარეობს ჯერ, მაგრამ ჩვენ ვესწრებით ყოველწლიურად საერთაშორისო გამოფენებს, ვორქშოფებს, სადაც ვაგროვებთ კონტაქტებს და მომავალი წლიდან ვფიქრობთ ნუშის ექსპორტის გააქტიურებასაც", - ამბობს ალეკო ცერცვაძე.

ცნობისთვის, "მკისა" როგორც აგრონომიული, ასევე ბიზნესმენეჯმენტის მიმართულებით მუდმივად 30-მდე ადამიანს ასაქმებს; სხვადასხვა პროექტსა და სეზონურ სამუშაოებზე კი კომპანიის მიერ დასაქმებულთა რაოდენობა 300-ს აღწევს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები