“მკისა”-ს მოცვი წელს ექსპორტზე პირველად ივნისში, სატესტო რეჟიმში გავა და გეოგრაფია ევროპას და გალფის ქვეყნებს მოიცავს. როგორც კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი გიგი გაჩეჩილაძე BMG-სთან აღნიშნავს, თავდაპირველად ექსპორტზე საცდელად 200-დან 300 კგ-მდე მოცულობის მოცვს გაიტანენ. კომპანია მომდევნო წლიდან მოცვის გაყიდვას ადგილობრივ ბაზარზეც აპირებს, თუმცა ექსპორტი ადგილობრივ გაყიდვებს რაოდენობრივად გადააჭარბებს.
“წელს ძალიან მცირე მოსავალი გვექნება, რადგან ნაყოფის ნიშნის მიღების პირველი წელია. გვექნება ის რაოდენობა რისი მიხედვითაც სანიმუშო შეკვეთებს გავაკეთებთ.
მოლაპარაკებები ევროპის მიმართულებით პოლონურ მხარესთან გვაქვს, ასევე ლუქსემბურგთან და დანიასთან. ასევე გვსურს, ნიმუშები გალფის ქვეყნებში გავგზავნოთ. შედეგების მიხედვით, მომავალი წლიდან კომერციული შეკვეთების მიღებასაც დავიწყებთ. წელს ურთიერთობა გადამამუშავებელ ქარხნებთან გვექნება, რადგან ამ ფორმით ბაზარზე შესვლა უფრო მარტივია. ამ ეტაპზე ჩასაბარებელი ფასის თქმა გამიჭირდება და ამაზე სამომავლოდ ვისაუბრებ,” - აღნიშნა გიგი გაჩეჩილაძემ.
2022 წელს ქვეყნიდან 8.5 მილიონი დოლარის ღირებულების კენკრა გავიდა, რომლის ძირითადი ნაწილი (97%) სწორედ მოცვი იყო. ექსპორტირებული მოცვის მოცულობამ 1 390 ტონას გადააჭარბა. პროდუქციის 89% კი რუსეთის ბაზარზე გავიდა.