შერეული საბრძოლო ხელოვნების ორგანიზაცია Bellator-ი, რომელიც მრავალი წელი ინდუსტრიის გიგანტის, UFC-ის მთავარი კონკურენტი იყო, ფუნქციონირებას აჩერებს. 25 იანვარს დუბაიში გასამართი ღონისძიება, სადაც უსმან ნურმაგომედოვი საკუთარ საჩემპიონო ქამარს პოლ ჰიუზის წინააღმდეგ გამოიტანს დასაცავად, ბოლო ღონისძიება იქნება კომპანიის ისტორიაში.
ინფორმაცია საკუთარ შოუში დაადასტურა MMA-ის ერთ-ერთმა გავლენიანმა ჟურნალისტმა არიელ ჰელვანიმ, რომელსაც Bellator-ს “მკვდარი” უწოდა.
შეგახსენებთ, რომ 2023 წლის ნოემბერში ორგანიზაცია კიდევ ერთმა გიგანტმა PFL-მა შეიძინა და საკუთარი ფრთის ქვეშ გააერთიანა, თუმცა ამიერიდან კომპანია ცალკეულ ბრენდად აღარ იარსებებს.
აღსანიშნავია, რომ ორგანიზაციების გაერთიანების შემდეგ Bellator-ის ბევრი მებრძოლი PFL-ში გადავიდა, ნაწილმა კი ადგილი არ შეიცვალა.
საბოლოოდ PFL-ის მფლობელმა დონ დევისმა გადაწყვიტა კონტრაქტი არ გაეგრძელებინა ყოფილი ჩემპიონის პატრიციო ფრეირასთვის, რამაც დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. ბრაზილიელმა მებრძოლმა დახმარებისთვის PFL-ის უდიდეს ვარსკვლავს ფრენსის ნგანუსაც მიმართა, რომელიც განსაკუთრებული კონტრაქტით სარგებლობს და ბრძოლის გარდა, ორგანიზატორულ საკითხებშიცაა ჩართული:
“ფრენსის, ალბათ ხედავ თუ როგორ აბსურდულ გადაწყვეტილებებს იღებს PFL-ი მებრძოლებისა და ახალ კონტრაქტებთან დაკავშირებით. ოდესმე ამოიღებ ხმას ჩვენი გულისთვის? ვფიქრობ PFL-ის მებრძოლთა კავშირი უნდა შევქმნათ. თქვენ რას ფიქრობთ?” - წერს X-ზე პატრიციო ფრეირე.
ჯერჯერობით უცნობია თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ქართველი მებრძოლი ლევან ჩოხელი, რომელიც Bellator-ის რიგებში ირიცხება, თუმცა მისი გაერთიანებული ორგანიზაციიდან წასვლის ალბათობა საკმაოდ მაღალია.
შეგახსენებთ, რომ Bellator-ი 2008 წელს დაარსდა და ამ დროის განმავლობაში UFC-ის მთავარ კონკურენტ ორგანიზაციად მიიჩნეოდა.