"ოცნების" მთავრობაში პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უმრავლესობის წევრის, ლევან მაჭავარიანის ინიციატივას მნიშვნელოვან და დროულ ნაბიჯად აფასებს, რომელიც კონსტიტუციური წესრიგის დაცვას ისახავს მიზნად.
კობახიძის განცხადებით, კონსტიტუციური წესრიგის დაცვა ნებისმიერი სამართლებრივი სახელმწიფოს ფუნდამენტურ საფუძველს წარმოადგენს და ამ მიმართულებით არსებული პრობლემები კანონით უნდა რეგულირდებოდეს. მისი შეფასებით, სახელმწიფო ვერ შეძლებს მშვიდ და სტაბილურ განვითარებას, თუ მუდმივად საბოტაჟის რეჟიმში იქნება.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, კანონპროექტი მკაფიოდ განასხვავებს გამოხატვის თავისუფლებასა და კონსტიტუციური წესრიგის სიმტკიცეს შორის ზღვარს და ამ კუთხით სამართლებრივი ბალანსი დაცულია. მისივე თქმით, კონსტიტუციური წესრიგის სტაბილურობა ერთ-ერთი უზენაესი სახელმწიფო ინტერესია.
მან იმედი გამოთქვა, რომ პარლამენტი კანონპროექტის განხილვას ბოლომდე მიიყვანს. მისი თქმით, საზოგადოების უმთავრესი ინტერესი ქვეყნის დამშვიდებაა და ამისთვის აუცილებელია ყველა მხრიდან დემოკრატიული სისტემისა და კონსტიტუციური წყობილების პატივისცემა.
„ზოგადად, კონსტიტუციური წესრიგი უნდა იყოს დაცული. ეს არის ნებისმიერი სამართლებრივი სახელმწიფოს ამოსავალი წერტილი. დემოკრატია ყველამ უნდა აღიაროს. კონსტიტუციური პრინციპები და წყობილება ყველამ უნდა აღიაროს. თუ არის ამ კუთხით პრობლემები, რა თქმა უნდა, კანონმა უნდა დაარეგულიროს. შესაბამისად, მიმაჩნია, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და დროული ინიციატივა. იმედი მაქვს, პარლამენტი ბოლომდე მიიყვანს ამ კანონპროექტის მიღებას.
რა თქმა უნდა, ზღვარი უნდა იყოს დაცული. ამას სჭირდება სამართლებრივი შეფასება. ჩემი სამართლებრივი შეფასებით, აქ ზღვარი სათანადოდ არის დაცული. ერთია, გამოხატვის თავისუფლება და მეორეა, კონსტიტუციური წესრიგის სიმტკიცე, რაც არის ერთ-ერთი უზენაესი ინტერესი. ბუნებრივია, სახელმწიფო მშვიდად ვერ განვითარდება თუ ის მუდმივად იქნება ასეთ რეჟიმში, საბოტაჟის რეჟიმში. ამიტომ, ყველას უნდა სცეს პატივი იმ წესრიგს, რომელიც ჩამოყალიბებულია. თან ყველა ვხედავთ, რომ ამ კონსტიტუციურ ორგანოებს სინამდვილეში, ყველა აღიარებს, უბრალოდ არის მუდმივი საპირისპირო გზავნილები, რათა სცადონ, ბოლომდე არ დამშვიდდეს ეს ქვეყანა. რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს საპირისპირო ინტერესი. ჩვენს საზოგადოებას აქვს, უპირველესად, საპირისპირო ინტერესი, რომ დამშვიდდეს ეს ქვეყანა. ყველამ პატივი უნდა სცეს ჩვენს დემოკრატიულ სისტემას, ჩვენს კონსტიტუციურ წესრიგს. ამ პრინციპს ეფუძნება ის კანონპროექტი, რომელიც დაინიცირდა“, - განაცხადა კობახიძემ.
შეგახსენებთ, გუშინ 3 თებერვალს „ქართულმა ოცნებამ“ განხილვა დაიწყო, შემოიღოს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა იმ მოქალაქეების წინააღმდეგ, რომლებიც „საჯაროდ არ აღიარებენ კონსტიტუციური ორგანოების ლეგიტიმაციას“ და სხვებსაც მოუწოდებენ ამისკენ.
პლენარულ სესიაზე ლევან მაჭავარიანმა დეპუტატის ინიციატივაზე პასუხად, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ „თუ პარლამენტიც თანახმა იქნება“, იგი მზად არის, შესაბამისი ცვლილებები შეიმუშაოს.




























