მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მნიშვნელოვანი და ღირებულია ეუთოსთან თანამშრომლობა - კობახიძე

ირაკლი კბახიძე

ჩვენთვის მნიშვნელოვანი და ღირებულია ეუთოსთან თანამშრომლობა, რასაც ვუფრთხილდებოდით მთელი ამ წლების განმავლობაში, - ამის შესახებ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, რომელიც ეუთოს ეგიდით ჩამოვა საქართველოში, 15 ოქტომბერს აქვს შეხვედრა.

„ყველა თემაზე გვექნება საუბარი ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩამოდის ეუთოს ეგიდით და თქვენ იცით, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანი და ღირებულია ეუთოსთან თანამშრომლობა, რასაც ვუფრთხილდებოდით მთელი ამ წლების განმავლობაში. კიდევ ერთხელ გავაჟღერებთ გზავნილს ეუთოსთან თანამშრომლობასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

აღსანიშნავია, რომ ეუთო/ოდირის განცხადებით 4 ოქტომბერს საქართველოში ჩანიშნულ ადგილობრივ არჩევნებზე ეფექტიანი დაკვირვება შეუძლებელია და შესაბამისად, სადამკვირვებლო მისია არ გამოგზავნა. ამის მიზეზად ეუთო/ოდირი "ქართული ოცნების" მხრიდან დაგვიანებულ მოწვევას დაასახელა.

ეუთოს თავმჯდომარე ქვეყნის ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ელინა ვალტონენი სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს მათ შორის, საქართველოს ეწვევა.

საქართველოში ჩამოსვლამდე ის სომხეთსა და აზერბაიჯანს ეწვია, სადაც როგორც ეუთოს განცხადებაშია აღნიშნული, დისკუსია შეეხება ორი ქვეყნის სამშვიდობო შეთანხმებას და მის პროგრესს. საქართველოს შემთხვევაში კი ფოკუსირებული იქნება შიდა და გარე გამოწვევებზე, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება 2008 წლის ომის შედეგების მოსაგვარებლად ეუთოს მიერ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მხარდაჭერის გაგრძელებაზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები