შოვის ტრაგედიიდან სამი წლის თავზე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რათა მომავალში მსგავსი ტიპის საფრთხეები თავიდან იყოს არიდებული.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, სამი წლის წინ მომხდარი ტრაგედია მთელი ქვეყნისთვის მძიმე დარტყმა იყო და კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა დაღუპულთა ოჯახებს.
„სამი წელიწადი გავიდა იმ ტრაგედიიდან, რამაც შეძრა მთლიანად ჩვენი ქვეყანა. კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ირაკლი კობახიძის თქმით, სახელმწიფოს მთავარი ამოცანაა, მომავალში მსგავსი ტრაგედიების პრევენციისთვის ყველა აუცილებელი ღონისძიება გაატაროს.
„თითოეული ჩვენგანისთვის ეს იყო უდიდესი ტრაგედია და, რაც მთავარია, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მომავალში წინასწარ იყოს ყველაფერი გაკეთებული იმისათვის, რომ თავიდან იყოს არიდებული მსგავსი ტიპის ტრაგედიები. ამ მიმართულებით, კონკრეტულად მყინვარული პროცესების კუთხით, სამუშაოები ჩატარდა შვეიცარიულ კომპანიასთან ერთად და არსებობს წინასწარი კვლევის შედეგები. სახელმწიფო გააკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ მომავალში თავიდან იყოს არიდებული მსგავსი ტიპის საფრთხეები. ეს იყო უდიდესი ტრაგედია ჩვენი ქვეყნისთვის, პირველ რიგში, დაღუპულთა ოჯახებისთვის და კიდევ ერთხელ გამოვთქვამ სამძიმარს მათ მიმართ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ცნობისთვის, 2023 წლის 3 აგვისტოს კურორტ შოვში ჩამოწოლილმა მეწყერმა 30-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. სტიქიის ზონიდან მაშველებმა 210 ადამიანის ევაკუაცია მოახდინეს. გარემოს ეროვნული სააგენტოს პირველადი დასკვნის მიხედვით, დამანგრეველი მეწყერი რამდენიმე გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენის თანხვედრამ გამოიწვია. მათ შორის დასახელებულია უხვი ნალექი, კლიმატის ცვლილებით გამოწვეული მყინვარების ინტენსიური დნობა, კლდის მასივის ჩამოშლა, ქვათაცვენა, მეწყერ-ეროზიული პროცესები და ბუბისწყლის ხეობაში ღვარცოფული ნაკადის განვითარება. სააგენტოს შეფასებით, ბუბას მყინვარის დასავლეთით ჩამოშლილი კლდის მასივი მყინვარს შეეჯახა, რამაც მყინვარის ნაწილის ნგრევა და მყინვარქვეშა წყლების გადმოღვრა გამოიწვია. წინასწარი გათვლებით, ღვარცოფულ ნაკადს კოტეჯების ტერიტორიამდე, სადაც ადამიანები იმყოფებოდნენ, მისაღწევად დაახლოებით 8-10 წუთი დასჭირდა. გარემოს ეროვნული სააგენტოს დასკვნაში ასევე აღნიშნული იყო, რომ მსგავსი ბუნებრივი მოვლენების ზუსტი დროის პროგნოზირება პრაქტიკულად შეუძლებელია.




























