„რუსთავის აზოტის“ მმართველი კომპანია „ინდორამა კავკასუსის“ აღმასრულებელი დირექტორის, ლევან ბურდილაძის ინფორმაციით, საწარმო სრული დატვირთვით მუშაობს და წელს, გეგმური რემონტის ფარგლებში, განვითარება - მოდერნიზაციასთან დაკავშირებული ორი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა.
როგორც ლევან ბურდილაძემ BM.GE-სთან განაცხადა, ამიაკის საამქროში მართვისა და კონტროლის სრულიად ავტომატიზებული სისტემა დაინერგა და ამასთან, აზოტმჟავის საამქროში ახალი კომპრესორი დამონტაჟდა, რამაც 8 სექტემბერს დაწყებული გეგმური რემონტის ვადები შედარებით გაახანგრძლივა.
„გასული წლის მსგავსად, ჩვენი საწარმო სრული დატვირთვით მუშაობს 24 საათის განმავლობაში. წელს უფრო ხანგრძლივი გეგმური რემონტი განხორციელდა. გეგმური სარემონტო სამუშაოებისთვის ტრადიციულად წელიწადში ერთხელ ვჩერდებით, სხვადასხვა ხანგრძლივობით. წელს ამ სამუშაოების შესრულებამ 44 დღე მოითხოვა, მაშინ, როცა შარშან რემონტზე მხოლოდ 17 დღე ვიყავით გაჩერებული. ეს იმითაა განპირობებული, რომ წელს შესრულდა მოდერნიზაციასთან და განვითარებასთან დაკავშირებული ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაოები. მაგალითად, ამიაკის საამქროში ავტომატური მართვისა და კონტროლის სისტემა დაინერგა. ფაქტობრივად, მართვის მთელი სისტემა გამოიცვალა იმიტომ, რომ ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდის სისტემა ფუნქციონირებდა. ავტომატიზებული სისტემის დანერგვა ამერიკულმა კომპანია Honeywell-მა განახორციელა. ამავე კომპანიამ, წლების წინ, მსგავსი სამუშაო აზოტმჟავის საამქროში ჩაგვიტარა. შესაბამისად, წლევანდელი სამუშაოების შემდეგ, უკვე ორ (აზოტმჟავისა და ამიაკის) საამქროში გვაქვს დანერგილი სრულად ავტომატიზებული მართვისა და კონტროლის სისტემა.
ამას გარდა, აზოტმჟავის საამქროში დავაყენეთ სრულიად ახალი მიტროზული აირების დამჭირხვნელი კომპრესორი, რომელიც ასევე ძალიან მოძველებული იყო და წელიწადში 3-4-ჯერ ხდებოდა ავარიული გაჩერების მიზეზი.
დაახლოებით 10 მილიონ დოლარამდე ინვესტიციაზე ვსაუბრობთ, რომელიც მხოლოდ განვითარებასთან დაკავშირებულ კაპიტალურ დანახარჯებს ეხება“,- ამბობს ლევან ბურდილაძე.
შეგახსენებთ,"რუსთავის აზოტი“, რომელიც კავკასიის რეგიონში მინერალური სასუქებისა და ინდუსტრიული ქიმიკატების ერთ-ერთ ყველაზე მსხვილი საწარმოა, 2023 წლის იანვარში გაიყიდა. მისი 100%-იანი წილის მესაკუთრე სინგაპურში ბაზირებული კორპორაცია Indorama-ს ქართული შვილობილი კომპანიაა. Indorama ფლობს 160-ზე მეტ საწარმოს მსოფლიოს 38 ქვეყანაში, მათ შორის ევროპის, აზიის, აფრიკის, ჩრდილოეთ და ლათინური ამერიკის კონტინენტებზე და დასაქმებული ჰყავს 45 000 ათასზე მეტი ადამიანი.