"ქართული ოცნების" გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) დელეგაციას შეხვდა, რომელსაც გაეროს გენერალური მდივნის თანაშემწე და UNDP-ის ევროპისა და დსთ-ის ქვეყნების რეგიონული ბიუროს დირექტორი ივანა ჟივკოვიჩი ხელმძღვანელობდა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
შეხვედრაზე მხარეებმა მიმდინარე პროექტები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.
როგორც სამინისტრო იუწყება, დავით სონღულაშვილმა მადლობა გადაუხადა გაერთიანებული ერების ორგანიზაციას მრავალწლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის. მინისტრმა ხაზი გაუსვა ორგანიზაციის მხარდაჭერით სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების, ასევე, გარემოსდაცვითი ხელშემწყობი პროექტების მნიშვნელობას.
„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და მის სისტემაში შემავალ უწყებებს მრავალი მიმართულებით აქვთ გაეროსთან აქტიური თანამშრომლობის გამოცდილება. საკმაოდ მნიშვნელოვანია გაეროს მხარდაჭერა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე. ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების ეფექტიანად შესრულების ნაწილში, გვაქვს თქვენი მხარდაჭერის იმედი“, — განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
მხარეებმა იმსჯელეს ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის დოკუმენტის შესრულების, კლიმატის ცვლილების შერბილების, ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების, ცირკულარული ეკონომიკის განვითარების, ნარჩენების მართვისა და ადრეული გაფრთხილების სისტემების მიმართულებებით თანამშრომლობის საკითხებზე.
ივანა ჟივკოვიჩის განცხადებით, სოფლის მეურნეობისა და გარემოსდაცვითი მიმართულებით სამინისტროსთან თანამშრომლობა წარმატებულია და კოორდინირებული მუშაობა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება. გენერალური მდივნის თანაშემწემ ასევე ყურადღება გაამახვილა სოფლის მეურნეობის მიმართულებით მცირე და საშუალო მეწარმეობის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე. შეხვედრაზე შუა დერეფნის განვითარებასთან დაკავშირებული გარემოსდაცვითი საკითხებიც განიხილეს.
„ვაფასებთ საქართველოსთან 30-წლიან თანამშრომლობას. ჩვენ განვიხილეთ მიმდინარე პროექტები გარემოსდაცვითი და სოფლის მეურნეობის მიმართულებით. ასევე, ვისაუბრეთ თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებზე“, — აღნიშნა ივანა ჟივკოვიჩმა.




























