კერძო სკოლა "შავნაბადას" დამფუძნებელი მიიჩნევს, რომ სახელმწიფომ 2025 წლის ბიუჯეტის დაგეგმვისას, ვაუჩერული სისტემის დაფინანსება უნდა შეცვალოს. როგორც ავთანდილ აბდუშელიშვილმა „საქმიანი დილის“ ეთერში განმარტა, ამ დრომდე კერძო სკოლებში ერთ მოსწავლეზე ვაუჩერული დაფინანსება 25 ლარია, რომელიც 2004 წლის შემდეგ არ შეცვლილა.
ინდუსტრიის წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ სახელმწიფოს მიდგომა კერძო სკოლებთან მიმართებით ტენდენციურია.
„სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერა მნიშვნელოვანია. 2004 წელს დადგინდა ტარიფი, რომ ერთი მოსწავლის ვაუჩერული დაფინანსება კერძოში უნდა ყოფილიყო 25 ლარი. 20 წელი გავიდა მას შემდეგ და ეს არ გადახედილა. მიდგომა კერძო სკოლების მიმართ სახელმწიფოს მხრიდან ძალიან ტენდენციურია, იგივე სახელმძღვანელოებთან დაკავშირებით.
გვქონდა მინისტრთან მოლაპარაკება, არის გაცხადებული პოზიცია რომ მნიშვნელოვანია გვერდში დგომა, თუმცა ჩვენთვის აუცილებელია ამას ვხედავდეთ კონკრეტული ნაბიჯების სახით. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იქნება, რომ როცა 2025 წლის ახალი ბიუჯეტი დაიგეგმება, ვაუჩერული დაფინანსების ზრდაზე დაიწყოს სახელმწიფომ საუბარი.“ - განაცხადა ავთანდილ აბდუშელიშვილმა.
BMG-სთან საუბრისას ავთანდილ აბდუშელიშვილმა საჯარო სკოლებში გაზრდილ ხელფასებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პედაგოგების ნაწილში სახელმწიფო მათი მთავარი კონკურენტია.
„კერძო სკოლებს მოგვიწია ხელფასები გაგვეზარდა, სახელმწიფო კერძო სკოლების პირდაპირი კონკურენტია. სახელმწიფოში არსებობს საჯარო სკოლების მიმართ ლიბერალური დამოკიდებულებაა, ხოლო კერძო სკოლების მიმართ ეს ნაკლებად იგრძნობა. ამიტომ ღიად შეიძლება ვთქვათ, რომ ჩვენ ღია კონკურენციაში ვიმყოფებით. მოგვიწია სახელფასო პოლიტიკის გადახედვა, ამასთან იმატებს სხვადასხვა სერვისზე ფასები, რაც ავტომატურად იწვევს მომხმარებლისთვის ფასის ზრდას“, - ამბობს აბდუშელიშვილი.
ცნობისთვის, ქვეყნის მასშტაბით 200-მდე კერძო სკოლა ფუნქციონირებს. მათი 60% დედაქალაქზე, დარჩენილი 40% კი საქართველოს სხვა რეგიონებსა და ქალაქებზე ნაწილდება.