მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მნიშვნელოვანია, საქართველოში ხარისხის ლაბორატორიული კონტროლის სისტემა შეიქმნას - თურნავა

60519aad0db3c
ინგა მურუსიძე
17.03.21 10:16
580
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავას განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ მცირე ბიზნესის დასახმარებლად საქართველოში შეიქმნას ხარისხის ლაბორატორიული კონტროლის სისტემა, რომ საჭირო აღარ იყოს ნიმუშების საზღვარგარეთ გაგზავნა. განცხადება თურნავამ ასოცირების სხდომის დასრულების შემდეგ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას გააკეთა. 

„ევროპელ მეგობრებთან დავაყენეთ საკითხი, რომ დაგვეხმარონ საქართველოში ხარისხის შესაბამისობის სისტემის დანერგვასა და თანადაფინანსებაში, რომ ჩვენს მცირე ბიზნესს აღარ მოუწიოს დამატებითი ხარჯების გაღება ლაბორატორიული სინჯების ასაღებად ნიმუშების საზღვარგარეთ გასაგზავნად“, - განაცხადა თურნავამ  და დასძინა, რომ საქართველოს აქვს ევროკავშირის სრული მხარდაჭერა მცირე და საშუალო ბიზნესის დასახმარებლად სხვადასხვა ხარისხის კონტროლის მონიტორინგისა და შესაბამისობის კუთხით ევროკავშირის მიერ აღებული ვალდებულებების ფარგლებში რეგულაციების დანერგვაში.

„ერთი მხრივ, ძალიან მნიშვნელოვანია ხარისხის შესაბამისობის სისტემის დანერგვა საქართველოში, რადგან ეს ჩვენი მცირე ბიზნესის კონკურენტუნარიანობას ზრდის და აძლევს საშუალებას, ივაჭრონ ევროკავშირთან, მეორე მხრივ, განსაკუთრებით პოსტკოვიდურ პერიოდში, ეს ნიშნავს დამატებით ხარჯებს და სამწუხაროდ, ჩვენი ლაბორატორიების სისტემა ჯერ არ არის განვითარებული და მცირე ბიზნესს უწევს ლაბორატორიული სინჯების ასაღებად ნიმუშების გაგზავნა საზღვარგარეთ. ეს არის ის საკითხი, რომელშიც შეიძლება თანადაფინანსების სახით დაგვეხმარონ ჩვენი ევროპელი მეგობრები და იმედი გვაქვს, ამ კუთხითაც ვითანამშრომლებთ“, - განაცხადა ნათია თურნავამ.