iPlus-ის დირექტორის კახა სეფაშვილის თქმით, მობილურ ტელეფონებზე მოთხოვნა შემცირებულია, რისი მიზეზიც ერთი მხრივ, უცხოელების მხრიდან ინტერესის შენელება, მეორე მხრივ კი განვადებებზე უარის თქმაა.
როგორც სეფაშვილი „საქმიან დილასთან“ საუბრისას განმარტავს, მომხმარებლების 70% ტელეფონს განვადებით ყიდულობს, ნაღდი ფულით ნივთის ყიდვის მაჩვენებელი 15-20%-მდე მცირდება MacBook-ის შემთხვევაში.
„ჯამში ბაზარზე სმარტფონების გაყიდვები ამ თვეში შემცირებულია გამომდინარე იქიდან, რომ თურქეთის და აღმოსავლეთ ევროპის ტურისტების წილი შემცირდა. ბანკებთან ერთად დავგეგმეთ სხვადასხვა აქციები და მომართვიანობა გაიზარდა, თუმცა ჩვენი შიდა სტატისტიკა აჩვენებს, რომ ბანკი უფრო ნაკლებს სესხს გასცემს, ვიდრე შარშან ამ პერიოდში. ასევე ჩვენი შიდა კვლევებით მომხმარებლების 15% ელოდება სექტემბერს, იციან, რომ ახალი Iphone გამოდის და ბევრი ამისთვის ინახავს ფინანსებს.
ტექნიკა გაძვირებულია გამომდინარე იქიდან, რომ ფრენებიც გაძვირდა და წითელი ზღვის კრიზისის გამო 2-ჯერ და 3-ჯერ არის ლოგისტიკა გაძვირებული.“ - განაცხადა კახა ოსეფაშვილმა.
ინფორმაციისთვის, 2024 წლის 5 თვეში იმპორტირებული სმარტფონების რაოდენობა შემცირდა . საქსტატის მონაცემებით, საანგარიშო პერიოდში დაახლოებით 124 მლნ დოლარის ღირებულების ტელეფონები შემოვიტანეთ, მაშინ როცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში იმპორტის მოცულობამ 149 მლნ შეადგინა.
მთავარი საიმპორტო ბაზარი არაბთა გაერთიანებული საამიროებია, საიდანაც წელს იანვარ-მაისის პერიოდში 53,7 მლნ დოლარის ტელეფონების იმპორტი განხორციელდა, მეორე ადგილზეა ჩეხეთი 25,5 მლნ აშშ დოლარის მოცულობით, მესამეზე - ჰონკონგი 11,8 მლნ აშშ დოლარით. ამასთან, წელს საქართველოდან მობილურების რეექსპორტმა მხოლოდ 182 000 აშშ დოლარი შეადგინა.