საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის კანდიდატი ირაკლი ჩომახაშვილი იმედოვნებს, რომ სასამართლოში მობილურ ტელეფონს და სხვა ელექტრონულ მოწყობილობებს ადვოკატებს არ ჩამოართმევენ.
„ეს ხელს შეგვიშლის კლიენტების ინტერესების დაცვაში“, - თქვა მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ ამ თემაზე საუბრისას.
საქმე ის არის, რომ შესაძლოა, სასამართლოში მობილურის შეტანაც კი აკრძალონ და ეს შეზღუდვა ადვოკატებსაც შეეხოთ. აღნიშნული, ფაქტობრივად, დაადასტურა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილმა. მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ სასამართლოზე ტელეფონის ჩამორთმევა ყველას ეხება. რაც შეეხება იმას, როდიდან ამოქმედდება სასამართლოს შენობებში ტექნიკის ჩამორთმევის პრაქტიკა, დავით გვრიტიშვილმა კონკრეტული ვადა არ დაასახელა.
ირაკლი ჩომახაშვილი იყო ერთ-ერთი პირველი ადვოკატი, რომელმაც ამ თემის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა - “გავრცელდა დაუდასტურებელი ინფორმაცია, რომ ადვოკატებს და პროცესის მონაწილეებს ელექტრონულ მოწყობილობას სასამართლოში არ შეატანინებენ. წინასწარ მინდა გავაფრთხილო სასამართლო, ადვოკატისთვის ტელეფონის ჩამორთმევა არ გამოვა. წერტილი", - დაწერა მან 10 ნოემბერს facebook-ის პირად გვერდზე.
„ადვოკატი იცავს სხვების უფლებებს, მაგრამ როგორც ვხედავთ, ადვოკატის უფლებებს აღარავინ იცავს ამ ქვეყანაში... დიდი იმედი მაქვს, სასამართლოში ადვოკატებს მობილურს არ ჩამოართმევენ“, - თქვა ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის კანდიდატმა, რომელმაც ადვოკატთა ასოციაციის მოქმედი მენეჯმენტი დაგვიანებული რეაქციის გამო გააკრიტიკა.
„მობილურების აკრძალვის შესახებ დაუდასტურებელი ინფორმაცია 10 ნოემბერს გავასაჯაროე. ამას უნდა მოჰყოლოდა დაუყოვნებელი იურიდიული და ინსტიტუციური ნაბიჯები, მაგრამ ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელობამ იმით დაამშვიდა ადვოკატთა კორპუსი, რომ ადვოკატებისათვის არ ყოფილა და არც იგეგმება ელექტრონული მოწყობილობებით სარგებლობის შეზღუდვა, რაც სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებმაც დამიდასტურესო. დღეს შეიძლება ვიღაც იყოს საქალაქო სასამართლოში, ხვალ არ იყოს... კანონი არ იცნობს პირად დამშვიდებას. კანონი არ იცნობს პირად ურთიერთობებს. შესაბამისად, ადვოკატთა ასოციაციის განმარტება იმთავითვე იყო კანონის საწინააღმდეგო“, - ამბობს ირაკლი ჩომახაშვილი.
მობილური, როგორც სამუშაო ინსტრუმენტი – რა კარგავს ადვოკატი აკრძალვის შემთხვევაში?
ირაკლი ჩომახაშვილის განმარტებით, 21-ე საუკუნეში მობილური ტელეფონი და სხვა ელექტრონული მოწყობილობები, მათ შორის ლეპტოპი, ადვოკატის ყოველდღიური საქმიანობის აუცილებელი სამუშაო ინსტრუმენტია.
„სისხლის სამართლის და სამოქალაქო საქმეების მასალა ხშირად ათეულობით ტომია, რომელსაც დარბაზში ფიზიკურად ვერ შეიტან. ჩვენ წინასწარ არ ვიცით, პროკურორს, მაგალითად, დასაკითხად ვინ მოჰყავს - არც გვაქვს ამის უფლება, რომ გავიგოთ. ამიტომ 40 და 50 ტომით სასამართლოში ვერავინ ივლის. ყველას გაციფრულებული გვაქვს საქმეები და ძალიან მარტივად, ლეპტოპის გამოყენების საშუალებით, ვმუშაობთ - ეს ერთი, რაც უშუალოდ ადვოკატის საქმიანობაში გვიშლის ხელს. მეორე - შეიძლება საათობით მოგიწიოს ადგილზე ყოფნა, სასამართლო დარბაზში. გარეთ ადვოკატებს ჰყავთ კლიენტები, რომლებთანაც, განსაკუთრებით, სისხლის სამართლის მიმართულებით, ხშირი კომუნიკაცია ხდება ან უფრო ელემენტარული, სხვა სასამართლოს სხდომა გეწყება და გინდა, რომ შეატყობინო მოსამართლის თანაშემწეს, რომ ამ სხდომაზე ხარ და გვიანდება. კიდევ ერთი კითხვა მაქვს სასამართლოსთან - თუ ყველას ტელეფონი ჩამოართვით და მარტო თქვენ გექნებათ ტელეფონი სასამართლოში, ვისთვის გჭირდებათ?! რისთვის უნდა გამოიყენოთ?! მხარეს მესიჯს ვერ მიწერენ, მოწმეს ვერ მიწერენ, გარეთ მყოფ ადამიანს ვერ მიწერენ, რომ შემოვიდეს და ვერც დაურეკავენ", - განაცხადა ირაკლი ჩომახაშვილმა.
მისივე თქმით, მობილურების აკრძალვა პრობლემას შექმნის არა მხოლოდ სამუშაო პროცესში, არამედ ადამიანური თვალსაზრისითაც.
„პირადი ცხოვრება გააჩნია ადვოკატსაც და პროკურორსაც; პირდაპირ გეუბნებით, თუ სასამართლოს დარბაზში მობილურის შეტანა აიკრძალა, ეს პროკურატურაზეც გავრცელდება. ადამიანებს პირადი ცხოვრება გააჩნიათ. პირადი ცხოვრება ნიშნავს იმას, რომ შეიძლება შემოგივიდეს მნიშვნელოვანი ზარი, მათ შორის, ოჯახური ზარიც, რომ უნდა გახვიდე და თუ მარტო მოსამართლეს და მოსამართლის მდივანს ექნება მობილური ტელეფონი, რატომ არის ის პრიორიტეტი?! ანუ მისი ოჯახი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ადვოკატის ოჯახი ან მისი საქმე უფრო მნიშვნელოვანი ვიდრე ადვოკატის?!“, - კითხვებს სვამს ირაკლი ჩომახაშვილი.
როგორ იმოქმედებენ ადვოკატები, თუ სასამართლოს დარბაზში მობილურების შეტანა აუკრძალეს?
ირაკლი ჩომახაშვილის თქმით, ეს საკითხი ადვოკატებისთვის მხოლოდ კომფორტის დაკარგვა არ არის - ეს შეეხება დაცვის კონსტიტუციურ უფლებას.
„ადვოკატის საქმიანობა კონსტიტუციური საქმიანობაა. თუ ადვოკატს ხელი შეეშალა საქმეზე მუშაობაში, ეს ავტომატურად ნიშნავს, რომ ხელი ეშლება მთლიან სასამართლოს. პროცესის წარმართვა კი, ადვოკატის გარეშე შეუძლებელია“, - აცხადებს ის.
ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის კანდიდატს მიაჩნია, რომ სასამართლოს დარბაზში მობილურების შეტანა აუკრძალეს, ადვოკატთა კორპუსს მკვეთრი რეაგირება ექნება.
„5 500 მოქმედი ადვოკატი ჰყავს ამ ქვეყანას. ესენია არის განათლებული, პრინციპული ხალხი. არ მჯერა, რომ ამ ეტაპამდე მივა საქმე, მაგრამ თუ მივიდა - ადვოკატები აუცილებლად იმოქმედებენ. იძულებული გახდებიან“, - აცხადებს ირაკლი ჩომახაშვილი.




























