მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მოდელი „სწავლა უფასოდ“, შიდა გრანტები... - რას ჰპირდება „საქართველოს უნივერსიტეტი“ სტუდენტებს?

საქართველოს უნივერსიტეტი

მოდელი „სწავლა უფასოდ“, შიდა გრანტები, სტიპენდიები - „საქართველოს უნივერსიტეტი“ ახალ რეალობაზე მოსარგებად ემზადება.

„ჩვენი მიზანი არის, იმ სტუდენტებს, რომლებსაც უნდათ, ისწავლონ საქართველოს უნივერსიტეტში და ვისაც უნდა, მიიღოს რეალური თანამედროვე განათლება საქართველოში, ჰქონდეთ საშუალება, ეს განათლება მიიღონ უფასოდ ან ძალიან შეღავათიან ფასში“, - განაცხადა BMGTV-ის გადაცემა „წერტილთან“ ინტერვიუში „საქართველოს უნივერსიტეტის“ რექტორმა.

როგორც კონსტანტინე თოფურიამ „წერტილში“ თქვა, საქართველოს უნივერსიტეტი მუშაობს სტუდენტების დაფინანსების პაკეტზე, რათა ახალ რეალობას მოერგოს და ხარისხიანი განათლება შეინარჩუნოს. პაკეტი მოიცავს: საუნივერსიტეტო სტიპენდიებსა და გრანტებს; ასევე, „სწავლა უფასოდ“ მოდელს, რომლის ფარგლებშიც სტუდენტი დასაქმების შემდეგ გადაუხდის მომავალი ნაკადების სტუდენტებს სწავლის საფასურს.

უმაღლესი განათლების დაფინანსების რეფორმის მთავარი არსი, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა უფასო იქნება, ხოლო კერძო უნივერსიტეტებში სტუდენტს სახელმწიფო გრანტი აღარ გაჰყვება, კონსტანტინე თოფურიას შეფასებით, გაუგებარია და არ არის ნათელი, როგორ გააუმჯობესებს ის სტუდენტის, უნივერსიტეტების ან ქვეყნის მდგომარეობას.

"ამ რეფორმის [კერძო უნივერსიტეტში გრანტის გაუქმება] შედეგად, სტუდენტი არჩევანში იზღუდება - თუ მანამდე შეეძლო, უფასოდ ესწავლა როგორც სახელმწიფო, ისე კერძო უნივერსიტეტში, ამიერიდან საშუალება ექნება, რომ უფასოდ ისწავლოს მხოლოდ სახელმწიფო უნივერსიტეტში" - თქვა მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილთან“ ინტერვიუში.

უმაღლესი განათლების დაფინანსების ახალი მოდელი გააძვირებს თუ არა კერძო უნივერსიტეტებში სწავლის საფასურს? - რექტორი აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე ძალიან ბევრი დეტალი არ არის ცნობილი და უჭირს წინასწარ ივარაუდოს, როგორ შეიცვლება მოთხოვნა-მიწოდება და რა გავლენას მოახდენს სხვა დაუზუსტებელი პროექტები (მაგ.: „ერთი ფაკულტეტი, ერთი ქალაქის პრინციპი“) სწავლის საფასურზე, თუმცა საქართველოს უნივერსიტეტი ახალ რეალობაში ადაპტირებისთვის უკვე ემზადება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები