საზღვარგარეთ სწავლის მსურველ ქართველ ახალგაზრდებში მოთხოვნა მინიმუმ 200%-ით გაიზარდა, თუმცა მათთვის სწავლაზე წვდომა სულ უფრო რთულდება, - ამის შესახებ „ამერიკული აკადემიის“ დამფუძნებელმა და განათლების კონსულტანტმა ნათია სირაბიძემ BMGTV-ს გადაცემაში „ქალების ნარატივი“ განაცხადა.
მისი თქმით, გაზრდილი ინტერესის ფონზე, ქართველი აბიტურიენტები განსაკუთრებით ევროპის მიმართულებით გადაერთვნენ, მათ შორის აშშ-ში სტუდენტური ვიზების გაცემასთან დაკავშირებული სირთულეების გამო.
„ქართველისთვის ძალიან ბევრი კარი იხურება, თუნდაც ქვეყნის პოლიტიკიდან გამომდინარე. თუ შევადარებთ თუნდაც ქართველ რიგით ახალგაზრდას ამერიკელს ან ევროპელს, გაცილებით განვითარებულები არიან, მრავალი უნარები აქვთ და რამდენიმე ენას ფლობენ. ამასთან, როდესაც აბარებენ უნივერსიტეტში ან ეძებენ დაფინანსებას, უკვე ეროვნებაც თამაშობს როლს.
ამჟამად, მიმდინარე რეფორმებმა გარკვეული გაურკვევლობა და შიში გააჩინა - რამდენად შევძლებ ამ დიპლომის ან ატესტატის გამოყენებას, რამდენად მისაღები იქნება ის სხვადასხვა ქვეყანაში. ახლა უკვე ბევრი რამ დამოკიდებულია იმაზე, რა სისტემით მოხდება სწავლება და როგორი კურიკულუმები იქნება“, - აცხადებს ნათია სირაბიძე და დასძენს, რომ სწორედ ამ ფონზე ოჯახები განათლებაში ინვესტირებას უფრო აქტიურად განიხილავენ.
ევროპის მიმართულებითაც გაზრდილი კონკურენცია, თავის მხრივ, განათლების კონსულტანტის თქმით, თავად მიღების პირობებზეც აისახება. მაგალითად, სირაბიძე გერმანიაში სწავლის წინამოსამზადებელ პროგრამებზე ენის ცოდნის მოთხოვნის ცვლილებას ასახელებს : „თუ აქამდე გერმანიაში სწავლის მსურველს Studienkolleg-ში მოსახვედრად B1 დონის გერმანულის ცოდნა შეეძლო ჰქონოდა, ახლა უკვე B2 არის სავალდებულო და ესეც კონკურენციის ზრდით არის გამოწვეული“, - ამბობს სირაბიძე.
აღსანიშნავია, რომ „ამერიკული აკადემიის“ ქსელს საქართველოში ამ ეტაპზე სამი ფილიალი აქვს, ხოლო ორგანიზაცია საერთაშორისო პარტნიორების გაფართოებაზე მუშაობს. მათ შორის, აკადემია თანამშრომლობს ამერიკულ პრეპ-აკადემიასთან, რომელიც ქართველ ემიგრანტთა შვილებს უნივერსიტეტებში მოხვედრაში ეხმარება.
























