რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტის დასრულების შემდეგ, თბილისი-ბათუმის მარშრუტზე სამგზავრო მატარებლების მიმოსვლის დრო დაახლოებით 40 წუთით შემცირდება. ამის შესახებ BMG-ს „საქართველოს რკინიგზაში“ განუცხადეს.
ამასთან, BMG მოდერნიზაციის პროექტის დასრულების კონკრეტული თარიღით დაინტერესდა. „საქართველოს რკინიგზაში" კვლავ აღნიშნავენ, რომ „პროექტის დასრულება მიმდინარე წლის შემოდგომაზე იგეგმება“.
საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი, რომლის ფარგლებშიც გამტარუნარიანობის ზრდის გარდა, საექსპლუატაციო ხარჯები და მიმოსვლის დრო მცირდება, თბილისი-მახინჯაურის მთავარი სარკინიგზო მაგისტრალის მონაკვეთზე 2011 წელს დაიწყო. პროექტის სრული სამშენებლო სიგრძე ხიდების და გვირაბების ჩათვლით დაახლოებით 40 კმ-ია. სამშენებლო სამუშაოებს საერთაშორისო ტენდერით შერჩეული კომპანია შპს ”ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფი“ აწარმოებს. პროექტს საინჟინრო ზედამხედველობას კი ავსტრიულ-გერმანული კონსორციუმი ILF Consulting Engineers და Deutsche Bahn უწევს. სახელშეკრულებო თანხა დაახლოებით 249 მილიონი შვეიცარიული ფრანკია. ამ თანხის გარდა, „საქართველოს რკინიგზის“ შემოსავლებიდან სამუშაოებისთვის დაახლოებით 400 მილიონი ლარი დაიხარჯა.