მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“მოდიან, გვაჯარიმებენ და ვასაჩივრებთ”- მუსიკალური ფესტივალის ორგანიზატორი

6101805841cfb
ანუკა ჯოხაძე
29.07.21 00:00
845
არსებული და მოქმედი დადგენილებით, 10-ზე მეტი ფიზიკური პირის ისეთი თავშეყრა აკრძალულია, რომელიც დაკავშირებულია საზოგადოებაში დამკვიდრებულ სოციალურ ღონისძიებებთან, ქორწილთან, ნებისმიერ იუბილესთან და მათ შორის, მასობრივ გასართობ ღონისძიებებთან.

მიუხედავად ამისა, ქვეყანაში მაინც იმართება მასობრივი მუსიკალური ფესტივალები, ქორწილები და იუბილეები. BM.GE-მ გადაწყვიტა გაერკვია რის საფუძველზე ატარებენ მასშტაბური მუსიკალური ფესტივალების ორგანიზატორები სხვადასხვა ღონისძიებას და აქვთ თუ არა მათ ამის კონკრეტული ნებართვა?

ჩვენს კითხვებზე ერთ-ერთი მუსიკალური ფესტივალის ორგანიზატორმა განაცხადა, რომ გასულ კვირასაც ჰქონდა ღონისძიება და მომავალ კვირაშიც გეგმავს. მისი თქმით, შესაბამისი სამსახურები აჯარიმებენ, მაგრამ ისინი გამოწერილ ჯარიმას ასაჩივრებენ.

“ამ დადგენილების შესახებ პირველად გვესმის, არც ის ვიცით, როდის ჩაინიშნა. თუ აქამდეც მოქმედებდა, მაშინ როგორ ჩავატარეთ წინა კვირაში ღონისძიებები? როგორ ტარდება ფესტივალები კუს ტბასა და ლისის ტბაზე? მოჰკითხეთ შესაბამის უწყებებს. ჩვენ ვატარებთ, რის გამოც ჯარიმებს გვიწერენ, რომელსაც შემდეგ ვასაჩივრებთ", - აცხადებს ერთ-ერთი მუსიკალური ღონისძიების ორგანიზატორი.

ლოგიკურია ასეთი დამოკიდებულება, რადგან როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირები ჯარიმების ამნისტიის მოლოდინში არიან, რომლის კანონპროექტის განხილვაც პარლამენტში რამდენიმე დღის წინ დაიწყო. ან არის მეორე ვარიანტიც, 10 000-ლარიანი ჯარიმის გადახდა მასშტაბური ღონისძიების ორგანიზატორებისთვის რთული არ არის, რადგან მიღებული შემოსავალი ამის რესურსს ორგანიზატორს აძლევს.

როგორც შრომის ინსპექციაში ამბობენ, მათი მიდგომა შეცვლილია და ისინი ბიზნეს სუბიექტების ცნობიერების ამაღლებაზე მუშაობენ. გასულ კვირაში მოწოდებული სტატისტიკით ირკვევა, რომ ბოლო 6 თვის განმავლობაში, თითქმის 17 000 სარეკომენდაციო ხასიათის ინსპექტირება განახორციელა. თუმცა მიუხედავად ამისა, ბიზნესუბიექტების ნაწილს არც ინფორმაცია აქვს იმის შესახებ, რომ ღონისძიებები, რომელიც ჩაატარეს ან დაგეგმილი აქვთ, დღესაც აკრძალულია.

“იცით, როგორ ხდება, რაც მანამდე იყო ჩავატარეთ, მარტო ჩვენთან არა, ყველგან ტარდება, თუმცა სამომავლოდ როგორ ჩავატარებთ, არ ვიცით. ახლა ჩვენც ცოტა არეულები ვართ. რა იქნება და როგორ იქნება არც ჩვენ გვაქვს დაზუსტებული ინფორმაცია. თუ აიკრძალება ყველაფერი, ჩვენც აღარ ჩავატარებთ. ინფორმაცია იმის შესახებ რომ ღონისძიებების ჩატარება აკრძალულია, როგორც სხვებს, ისე ჩვენც არ გვქონია”, -აცხადებს ერთ-ერთი მუსიკალური ღონისძიების ორგანიზატორი.

კომენტარი აღსრულების მექანიზმთან დაკავშირებით დღეს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემაც გააკეთა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები