მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მოდით, დავიწყოთ სიმართლით" - გიორგი გახარია საჯარო მოხელეებს მიმართავს

გიორგი გახარია

არ მოგიწოდებთ დაუმორჩილებლობისკენ მე მოგიწოდებთ, ემსახუროთ მხოლოდ საკუთარ ქვეყანას, საკუთარ ხალხს და არა რომელიმე პარტიას - ასე მიმართა საქართველოს ყოფილმა პრემიერმა, გიორგი გახარიამ საჯარო მოხელეებს, რომლებიც დღეს, მმართველი პარტიის მიერ ორგანიზებულ აქციაში საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ მიიღებენ მონაწილეობას.

გახარია ამბობს, რომ ესმის მათი ემოციების და მთავარი არა რომელიმე აქციაში მონაწილეობა, არამედ არჩევნებზე დაფიქსირებული პოზიციაა.

" მოდით, დავიწყოთ სიმართლით, ჩვენ, არასოდეს ვყოფილვართ ასე ახლოს ევროკავშირის სრულფასოვან წევრობასთან. ასევე სიმართლეა, რომ არასოდეს ყოფილა ევროპული მომავლის დაკარგვის საფრთხე ასეთი რეალური. თავისუფალი, ძლიერი, ევროპული საქართველო არ არის მხოლოდ ჩვენი თაობის მიზანი, არამედ ბევრმა თაობამ ამ გზაზე უდიდესი ფასი გადაიხადა.

ქვეყნის წინაშე არსებული რეალური საფრთხეები ყველაზე კარგად დღეს საჯარო სექტორს ესმის, საჯარო სექტორმა იცის. საჯარო მოხელეებს ყველაზე კარგად გესმით, რომ ევროპული მომავლის დაკარგვა გარდაუვლად დააბრუნებს საქართველოს რუსულ ორბიტაზე. ასევე, თქვენ ყველაზე კარგად გესმით, რომ ნებისმიერი სახის სამოქალაქო დაპირისპირებაც, რუსეთის ინტერესშია. სწორედ ამიტომ, ზუსტად ამ გადამწყვეტ დროს, რთულ დროს, საჯარო სექტორმა უნდა შეასრულოს თავისი კრიტიკულად მნიშვნელოვანი როლი. ერთის მხრივ, საქართველოს ევროპული მომავლის დასაცავად და რაც მთავარია, საქართველოს გადასარჩენად სამოქალაქო დაპირისპირებისგან. საჯარო მოხელეებისთვის ეს არ არის მხოლოდ ფორმალური პასუხისმგებლობა არამედ - უნიკალური მისია ამ გადამწყვეტ მომენტში ქვეყნისთვის. თქვენ, საჯარო მოხელეებმა, ყველაზე კარგად იცით, რომ ჩვენი ქვეყნის იდენტობა და სახელმწიფოებრიობა ყველაზე უკეთ ევროკავშირში იქნება დაცული. თქვენ, საჯარო მოხელეებმა, ყველაზე კარგად იცით, რომ ჩვენი ბავშვები და მათი ინტერესები ყველაზე უკეთ ევროკავშირში იქნება დაცული და ჩვენია ახალგაზრდებისთვის განვითარების ყველაზე დიდი ასპარეზი სწორედ ევროპაა.

ამიტომ, მე, თქვენი ყოფილი კოლეგა არ მოგიწოდებთ დაუმორჩილებლობისკენ მე მოგიწოდებთ, ემსახუროთ მხოლოდ საკუთარ ქვეყანას, საკუთარ ხალხს და არა რომელიმე პარტიას. უნდა თანავუგრძნო ყველა იმ ადამიანს, ვისაც საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ უწევს ხელისუფლების მიერ დაორგანიზებულ კონტრაქციაში მონაწილეობა. მე, ძალიან კარგად მესმის თქვენი ემოციების, მაგრამ იცოდეთ, რომ საქართველოს და თქვენი შვილების მომავლისთვის ბევრად მნიშვნელოვანი იქნება, თუ სად იქნებით და როგორი იქნება თქვენი არჩევანი 2024 წლის 26 ოქტომბერს.

ჩვენი შვილები, ჩვენი ახალგაზრდა თაობა უკვე ევროპელები არიან. ფაქტია, რომ ისინი ან იცხოვრებენ ევროპულ ქვეყანაში, ან დატოვებენ საქართველოს.

ამიტომ ევროპა უნდა იყოს აქ! ეს კი თითოეული ჩვენგანის ხელშია", - ამბობს გახარია ვიდეომიმართვაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები