მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მოეწყობა თუ არა საველე ჰოსპიტლები საქართველოში? - თამარ გაბუნიას პასუხი

61011d8426be8
ინგა მურუსიძე
28.07.21 13:15
578
"თეორიულად, საველე ჰოსპიტლების მოწყობის მოდელი შესაძლებელია, მზაობაც არის, თუმცა ყველაფერი დამოკიდებული იქნება ეპიდემიაზე", - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა, თუმცა მისი განმარტებით, საქართველოში საველე ჰოსპიტლის ანალოგი არის კოვიდ-სასტუმროები.

„ამ ეტაპისთვის სასტუმროების დიდი ნაწილი დაკავებულია ტურისტული მიზნებისთვის. ვფიქრობთ, რომ ის სასტუმროები, რომლის მობილიზებაც ხდება, საკმარისი იქნება მიმდინარე საჭიროების დასაკმაყოფილებლად. საბედნიეროდ, შემთხვევების დიდი რაოდენობა მსუბუქია და მას ჰოსპიტალიზაცია არ სჭირდება. რაც შეეხება საველე ჰოსპიტლებს, ეს ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა მიმართულებით წავა ეპიდემიის განვითარება. თეორიულად მოდელი შესაძლებელია, მზაობაც არის, მაგრამ ყველაფერი დამოკიდებული იქნება ეპიდემიასა და საჭიროებაზე“, - განაცახდა მან.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ საწოლფონდზეც ისაუბრა და თქვა, რომ ამ ეტაპისთვის 6000 საწოლია მობილიზებული, თუმცა საჭიროების შემთხვევაში კიდევ 2 ათასის მობილიზება მოხდება.

„ჰოსპიტალურ სექტორში სულ შესაძლებელია 12 ათასი საწოლის მობილიზება, აქედან 8 ათასი შეგვიძლია გამოვიყენოთ Covid-მიზნებისთვის, დღეს ვიყენებთ 6 ათას საწოლს. 2000 საწოლის რეზერვი ჯერ კიდევ არსებობს და საჭიროების შემთხვევაში მათ გამოვიყენებთ. გამომდინარე აქიდან, მოგვიწევს მეტად დატვირთვა სასტუმროების და ბინაზე მკურნალობა, რაც დღეს ხორციელდება. კრიტიკული ზღვარი, რომელიც შეაფასა ჯანდაცვის სისტემამ გასული ტალღის პერიოდში, არის დაკავებული 8000 საწოლი და ამაზე მეტის შემთხვევაში, შეიძლება, სხვა ნაბიჯებზე ვიფიქროთ“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები