„თეგეტა ჰოლდინგის“ მთავარი ფინანსური ოფიცრის განცხადებით, კომპანიისთვის 2025 წელი მოგებიანობის კუთხით რეკორდული იქნება. „საქმიან დილაში“ სტუმრობისას ნიკოლოზ ხიდურელმა წლის შედეგები წინასწარ შეაფასა და აღნიშნა, რომ საბოლოო სურათი დაახლოებით 2026 წლის მარტში ექნებათ.
დადებითი ფინანსური მაჩვენებლები კი მისი შეფასებით, ბიზნესის დივერსიფიცირების შედეგია. ხიდურელის ინფორმაციით, წელს კომპანიამ სხვადასხვა მიმართულების განვითარებაზე დამატებით 100 მლნ ლარზე მეტის ინვესტიცია ჩადო.
„2025 წლის განმავლობაში „თეგეტას“ დივერსიფიცირებულმა ბიზნესმოდელმა თავისი სიძლიერე კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რადგან იყო მიმართულებები, სადაც არ იყო ისეთი შედეგები, როგორიც ჩვენ გვინდოდა, მაგრამ ჯამში სხვა მიმართულებების ხარჯზე საბოლოო შედეგი რეკორდული იყო. EBITDA, ამ წლის განმავლობაში, წინა წელთან შედარებით 17%-ით გაგვეზრდება. ეს იმის მიუხედავად, რომ რაღაც მიმართულებებში იყო გამოწვევები, როგორც მთელ ეკონომიკაში, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, „თეგეტას“ ეს დივერსიფიცირებული მოდელი, რითაც რეალურად ჩვენ თითქმის ყველგან ვართ, სადაც ავტოინდუსტრიაა, გვაძლევს შესაძლებლობას, ერთი ბიზნესის წარმატების ხარჯზე სხვა ბიზნესის ჩამოჩენა დავაკომპენსიროთ. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, საბოლოო ჯამში, რეკორდული წელი გვექნება როგორც მოგებიანობის კუთხით, ასევე რეკორდული წელი გვაქვს დიდი პროექტების ინვესტირების და გეგმების კუთხით.
წლის განმავლობაში დაახლოებით 100 მილიონის ლარზე მეტის ინვესტირება მოხდა დამატებით ინფრასტრუქტურაში, მათ შორის გეზ-ის მიმართულებით. მომავალ წელსაც ძალიან ამბიციური გეგმები გვაქვს, განსაკუთრებით უკვე საერთაშორისო განვითარების კუთხით. შესაბამისად, ჩვენ ძალიან წარმატებულ 2025-ს და კიდევ უფრო წარმატებული 2026-ის მოლოდინი გვაქვს“, - განაცხადა ნიკოლოზ ხიდურელმა.
₾260 000 000 - „თეგეტა ჰოლდინგმა“ ეროვნულ ვალუტაში რეგიონში მდგრადობასთან დაკავშირებული პირველი ემისია განახორციელა
"მიზანი კაპიტალის სტრუქტურის საერთაშორისო სტანდარტებზე მორგებაა" - რაზე მიიმართება Tegeta-ს SLB ობლიგაციებით მოზიდული თანხები?
საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი საავტომობილო კომპანია ,,თეგეტა ჰოლდინგის” კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით "თეგეტას” 28 სერვისცენტრი აქვს. „თეგეტა“ ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Lamborghini, Bentlye, Volvo, Toyota, Mazda, Geely, Zeekr. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, LIEBHERR, BOMAG და სხვები. "თეგეტა” მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის იმპორტიორია საქართველოში. ,,თეგეტა ჰოლდინგი”, 3000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.




























