„თეგეტა ჰოლდინგის“ მთავარი ფინანსური ოფიცრის ნიკოლოზ ხიდურელის განცხადებით, კომპანიის მიერ მდგრადობასთან დაკავშირებული 260 მლნ ლარის ობლიგაციების განთავსების მთავარი მიზანი, „თეგეტას“ კაპიტალის სტრუქტურის საერთაშორისო სტანდარტებზე მორგება და კომპანიის ლიკვიდურობის გაძლიერებაა. ამის შესახებ ხიდურელმა „საქმიან დილაში“ სტუმრობისას განაცხადა.
ავტოინდუსტრიის ლიდერმა კომპანიამ „თეგეტა ჰოლდინგმა“ ლარში დენომინირებული, მდგრადობასთან დაკავშირებული ობლიგაციები (SLB) განათავსა. ემისიის მოცულობა 260 მილიონი ლარია. ფასიანი ქაღალდების საპროცენტო განაკვეთი TIBR 6m + 3%-ით განისაზღვრა. ობლიგაციების ძირი თანხის 50% 3 წელიწადში დაიფარება, მეორე ნაწილი კი - 5-ში. ინვესტორები სარგებელს ნახევარწლიურად მიიღებენ. მდგრადობასთან დაკავშირებული ბონდების მთავარი ინვესტორი აზიის განვითარების ბანკია (ADB). ინვესტორთა ბაზა დივერსიფიცირებულია - მდგრადობასთან დაკავშირებული ობლიგაციების ნაწილი ადგილობრივმა ფინანსურმა ინსტიტუტებმაც შეიძინეს.
ნიკოლოზ ხიდურელი აღნიშნავს, რომ ეს ადგილობრივ ვალუტაში გამოშვებული, მდგრადობასთან დაკავშირებული, ასევე ამორტიზირებადი პირველი ბონდია.
„ჩვენი ძირითადი მიზანი იყო კომპანიის კაპიტალის სტრუქტურა საერთაშორისო სტანდარტებზე მოგვერგო და ლიკვიდურობის მართვის საკითხები გაგვეძლიერებინა, რაც მნიშვნელოვანია და რისთვისაც ADB-ს, რომელიც ამ პროცესში თავიდანვე იყო ჩართული, მადლობა მინდა მოვუხადო. მან ამ მდგრადობის სამუშაო პროცესში ძალიან დიდი დახმარება გაგვიწია. ჩვენ მათთან ორი წლის წინ პირველი 20-მილიონიანი მწვანე ბონდიც გვქონდა გამოშვებული და ეს მათთან თანამშრომლობის გზაზე ჩვენი შემდეგი ნაბიჯი იყო“, - განმარტა ნიკოლოზ ხიდურელმა.
კომპანიის მთავარი ფინანსური ოფიცრის ინფორმაციით, ბონდების გამოშვებით მოზიდული თანხები კონკრეტულ მიმართულებებზე იქნება გაწერილი.
„ძალიან ამბიციური გეგმები გვაქვს ლიზინგის და ფლიტ მენეჯმენტის მიმართულების განვითარებაზე. მოზიდული სახსრებით განსაკუთრებით არა მხოლოდ კომერციულ, ტექნიკის ფლიტებს დავაფინანსებთ, რაზედაც მომავალი წლის განმავლობაში ერთ-ერთ სტრატეგიულ ფოკუსს გავაკეთებთ. ჩვენი გეგმით, ძირითადი პროექტები, რაშიც ამ ფულს ჩავდებთ ახალდაწყებული ლიზინგის მიმართულების - ე.წ. ფლიტ მენეჯმენტის განვითარებაა, რაც დასავლეთ ევროპაში აქტიურად არის განვითარებული. მიგვაჩნია, რომ მომავალი სწორედ ამ მიმართულებისაა“, - აღნიშნა „თეგეტა ჰოლდინგის“ მთავარმა ფინანსურმა ოფიცერმა.



























