2024 წლის ბიუჯეტის განახლებული პროექტის მიხედვით, საბანკო სექტორის მიერ გადასახდელი მოგების გადასახადი 300 მილიონი ლარით იზრდება - მთავრობის განმარტებით ეს მიმდინარე წელს სექტორის მოსალოდნელზე უკეთესი შედეგებით არის განპირობებული. მთლიანობაში 2024 წელს ბანკები 800 მილიონი ლარის მოგების გადასახადს გადაიხდიან.
საგადასახადო ტვირთთან “საქართველოს ბანკის” გენერალური დირექტორი, არჩილ გაჩეჩილაძე პასუხობს, რომ მათ სექტორის ჭრილში საგადასახადო ეფექტი არ შეუფასებიათ, თუმცა გაჩეჩილაძე აღნიშნავს, რომ ბანკები მოგების გადასახადის მხრივ ყველაზე მაღალი განაკვეთით იბეგრებიან.
“მთლიანი სექტორის საგადასახადო წნეხი არ შეგვიფასებია, ერთადერთი რაც შეგვიძლია ვთქვათ არის ის, რომ საბანკო სექტორს კანონით აქვს ყველაზე მაღალი საგადასახადო წნეხი მოგების გადასახადის კუთხით, გათვლები არ გაგვიკეთებია, გავაკეთებთ და აუცილებლად დაგიბრუნდებით,”- განაცხადა არჩილ გაჩეჩილაძემ.
საქართველოს მთავრობამ საბანკო სექტორის მოგების გადასახადის განაკვეთი 15%-დან 20%-მდე 2022 წლის ბოლოს გაზარდა, ცვლილება ძალაში 2023 წელს შევიდა.
მთლიანობაში 2024 წელს მოგების გადასახადის გეგმა 2.6 მილიარდი ლარია, რომლის 30%-იც საბანკო სექტორზე მოდის.